მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარი გქონდათ 200-ლარიან ზრდაზე, 1000-ლარიან პენსიაზე... ამით ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მოკლავთ - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ პენსიების მკვეთრი ზრდა და ამისთვის რესურსის კაპიტალური ხარჯებისთვის მოკლება ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მოუკლავს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

2027 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენისას მინისტრმა უპასუხა "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატების შეკითხვებს პენსიების ზრდის შესახებ და აღნიშნა, რომ არსებობს ლიმიტები ამ მიმართულებით.

„რამდენიმე შეკითხვა იყო ასევე პენსიის უფრო მეტად ზრდაზე. საუბარი გქონდათ 200-ლარიან ზრდაზეც, 1000-ლარიან პენსიაზეც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება, თუმცა არსებობს შესაბამისი ლიმიტებიც. პირობითად, როდესაც ვსაუბრობთ სად მოვაკლოთ, შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ თუნდაც ის ₾2.5 მილიარდი, რითაც თქვენ იძახით, რომ უნდა გაიზარდოს საპენსიო დანახარჯები. თუმცა გარწმუნებთ, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ორ წელიწადში ჩვენ აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და შემდგომ აღარც ის გაზრდილი პენსიები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბიუჯეტში შესაბამისი სოციალური და კაპიტალური ხარჯების ბალანსი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მათ შორის, პენსიების, სოციალური და ჯანდაცვის ხარჯების ზრდის შესაძლებლობა. როდესაც ითხოვთ ₾2.5 მილიარდით ერთ წელიწადში საპენსიო ხარჯის გაზრდას, ამის განხორციელება იქნება ნამდვილად უპასუხისმგებლო. ლოგიკური არაა, როდესაც ითხოვთ პენსიების გაზრდას იმაზე მეტად, ვიდრე ბიუჯეტი იზრდება. ეს პოპულისტურად შეგიძლიათ ასაბუთოთ, მოითხოვოთ. რა თქმა უნდა, ქვეყანას შეუძლია ერთი წლით ან მაქსიმუმ ორი წლით გაზარდოს სოციალური დანახარჯები, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში თქვენ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას საერთოდ მოუკლავთ ასე ქვეყანას, რომელიც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება - ბოლო ხუთი წლის ზრდა არის 9.3%. პენსიების უფრო სწრაფად და უფრო მეტად ზრდის ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი არის უფრო მეტი, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ პენსიების ზრდა, რომელიც ფორმულაზეა დამყარებული, თუმცა მიმდინარე წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმულის მიღმაც მოხდეს ზრდა და ეს არ არის მხოლოდ ₾130-მილიონიანი ზრდა - ჯამში 695 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. გარდა ამისა, მომდევნო წელს დამატებით 600 მილიონი ლარი მიიმართება საქართველოს მოქალაქეების დაგროვებით საპენსიო ანგარიშებზე. ჯამში ეს თანხა მილიარდ 285 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ეს არის ის ზღვარი, რისი შესაძლებლობაც აქვს ბიუჯეტს ისე, რომ პასუხისმგებლობით შევინარჩუნოთ ქვეყანაში ზრდის შესაძლებლობა მომდევნო წლებშიც. მნიშვნელოვანია ის, რომ კაპიტალური დანახარჯები იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი",- აცხადებს მინისტრი.

ლაშა ხუციშვილის თქმით, სურვილი არის, რომ პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს იზრდება, თუმცა ამას შესაბამისი პირობები სჭირდება.

„ბუნებრივია და სწორია, რომ მოთხოვნა არის პენსიების ზრდა, ასეც უნდა იყოს და შესაბამისად პენსიებიც უნდა იზრდებოდეს. პენსიები იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის ინდექსირებული. მომავალშიც ვეცდებით, რომ პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე ინდექსირებული ვარიანტია. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ გვქონდეს უფრო მეტი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი კომპონენტი იმისა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პენსიები გავზარდოთ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული და ინდექსირებული. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კაპიტალური ხარჯების შემცირება ₾2.5 მილიარდით ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას გავაქრობთ",- ამბობს ლაშა ხუციშვილი.

2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები ₾1 მილიარდზე მეტით ₾11.2 მილიარდამდე იზრდება | ხუციშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები