მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი" - მთავრობის ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ

61f947193cc99
სალომე მეცხვარიშვილი
01.02.22 21:35
1384
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილები შედის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს თავად დაამუშაოს გენ.გეგმის კონცეფცია თუ სივრცითი დამუშავების დოკუმენტები. ასევე, საინვესტიციო პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც განაშენიანებული საერთოდ არ არის. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, კანონში განიმარტა საინვესტიციო პროექტის ცნება და ასეთად ჩაითვლება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას. კანონმა უნდა განსაზღვროს ასეთი პროექტის მინიმალური ღირებულებაც.

დაანონსებულ ცვლილებებს განსაკუთრებით ურბანისტები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ დოკუმენტით ინვესტორს შესაძლებლობა ეძლევა ამა თუ იმ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა თუ სივრცითი დამუშავების დოკუმენტები ისე მოამზადოს, რომ საკუთარ ინტერესებს მოარგოს და არა ქალაქისა და დასახლების. ამასთან ურბანისტ ზურა ბაქრაძეს კითხვებს უჩენს დაუსახლებელი ტერიტორიების განაშენიანების შესაძლებლობაც, რადგან ამ ცვლილებამ შესაძლოა ბუნებრივი ლანდშაფტი დააზიანოს.

კანონპროექტი ასევე მშენებელს ათავისუფლებს წარმოადგინოს დამატებითი კვლევები (საექსპერტო კვლევა), თუ ის ე.წ. მეორე კლასის, ანუ დაბალი რისკის, ნაგებობების აშენებას აპირებს. ურბანისტი ამბობს, რომ მშენებლები ხელოვნურად ეცდებიან ნებისმიერი ფორმისა და ზომის ობიექტები სწორედ მეორე კლასის ნაგებობაში გაიყვანონ და დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება თავიდან აირიდონ.

“ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება, ეს არ ეწერება იმ სტანდარტებში, რომელიც ევროპაშია, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ევროპული განვითარების მიმართულებით. თუ ამ ნაბიჯებს მაინც გადადგამენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპასთან არაფერი არ უნდა და მისი რეალური მიზანია, მაღალჩინოსნების მოგების გაზრდა სწორედ ინვესტორების გავლით, რადგან დღეს სისტემა ასე მუშაობს…

რაც შეეხება მეორე კლასის მშენებლობებისთვის დამატებითი კვლევების ჩატარების ვალდებულების მოხსნას, აქ უკვე საუბარია, ამ ნაგებობების უსაფრთხო და ჯანსაღ ექსპლუატაციაზე. ეს ყველაფერი კი ამ ცვლილებით ეჭვის ქვეშ დგება. თუ ეს ცვლილება დამტკიცდება, ხელს შეუწყობს ასეთ უკუღმართობას: ხელოვნურად დაუდაბლებენ მშენებლები შენობას კლასს და არ დაიცავენ აუცილებელ ნორმატივებს, რაც საბოლოოდ შენობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ინვესტორი ააშენებს, გაყიდის, მერე რა მოხდება, არავინ იცის”,- აცხადებს ურბანისტი.

კანონის განმარტებით ბარათში ახსნილია, რატომ არის საჭირო მეორე კლასის მშენებლობებისთვის ბიუროკრატიის გამარტივება:

“შენობა-ნაგებობები იყოფა კლასებად რისკის მახასიათებლების მიხედვით, სადაც I და II კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება უმნიშვნელო და დაბალი რისკით, ხოლო III და IV კლასის შენობა-ნაგებობები საშუალო და მაღალი რისკით. აღნიშნულის გათვალისწინებით, I და II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაშვებულია გამარტივებული პროცედურები - მარტივი და დეტალური შეტყობინებები, ხოლო III და IV კლასის შენობა-ნაგებობები ცალსახად საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას.

რა დანიშნულება აქვს II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების უფლების გამარტივებული წესით მოპოვების დაშვებას, თუ მაინც საჭირო იქნება საექსპერტო დასკვნების წარდგენა?
აღნიშნული აღმოსაფხვრელად, აუცილებელია სხვა კლასის ობიექტებისგან გაიმიჯნოს I და II კლასის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებს საექსპერტო დასკვნებს მშენებლობის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნებისთვის, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები ხასიათდება დაბალი რისკით.

II კლასის ობიექტების განთავსება ძირითადად არაკომერციული, საცხოვრებელი მიზნებისთვის ხდება და უპრიანია, მოსახლეობას დამატებით ტვირთად არ დააწვეს დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნების მოპოვება, მაშინ როცა მათი წარდგენის აუცილებლობა არ იკვეთება”,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები აქვს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მთლიანობაში კანონის მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაა, მაგრამ არსებობს დასაზუსტებელი საკითხები, მაგალითად სიფრთხილეა საჭირო უშენი ტერიტორიების განაშენიანებასთან დაკავშირებით, რისი შესაძლებლობაც ინვესტორებს ექნებათ.

“გარემოს დაცვის კომიტეტისთვის არ არის მიზანშეწონილი იმგვარი ცვლილებები, რომელიც სხვა ჭრილში აყენებს ვალდებულებებს, რომელიც წარმოშვა გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსმა, რომელიც თავის მხრივ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მივიღეთ. კერძოდ, კანონპროექტით კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა ნაცვლად გარემოს დაცვის სფეროში არსებული შესაბამისი უწყებისა, იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რაც არ იქნება მართებული. ამ კუთხით გარემოს დაცვის კომიტეტზე ვიმსჯელებთ და ჩვენს მოსაზრებებს გამოვთქვამთ.

ძალიან საფრთხილოა უშენი ტერიტორიების განაშენიანების საკითხი, თუმცა შეიძლება დამატებითი კრიტერიუმები დაიწეროს და მოიხსნას ის კითხვის ნიშნები, რომლებიც დღეს არსებობს”,- აცხადებს მაია ბითაძე.

თავად კანონპროექტის ავტორები, კონკრეტულად კი ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ დაანონსებული ცვლილებებით ქვეყანა მეტ ინვესტიციასა და გეგმარების უკეთეს სტანდარტებს მიიღებს და თავიდან აირიდებს ქაოსურ განაშენიანებებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები