მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ჩვენი გუნდის პოზიციაა" - როდის ამოქმედდება გარემოსდაცვითი ვალდებულებები ბიზნესისთვის?

6022ba0176b57
ანუკა ჯოხაძე
09.02.21 21:50
674
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 85-მდე საწარმოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ონლაინ კონტროლის ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, კანონპროექტით ბიზნესი ვალდებული ხდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთირებათა აღრიცხვა განახორციელონ და დანერგონ თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კერძო სექტორი 1 ივნისამდე ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად არ არის და რეგულაციის ამოქმედების მომავალი წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს.

ამის საპასუხოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ამბობს, რომ ბიზნესი შესაძლო ცვლილებების საქმის კურსში იყო, შესაბამისად, ვალდებულებების გადავადება არ მოხდება. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბითაძე ამბობს, რომ აღნიშნული ბიზნესს მძიმე ფინანსურს ტვირთად მაინც არ დააწვება.

“ჩვენი გუნდის, მათ შორის კომიტეტის პოზიციაა, რომ ერთმნიშვნელოვნად კანონპროექტი გაზაფხულზე იქნება მიღებული, ხოლო ძალაში 1 ივნისიდან შევა. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის განხილვა 2 წელია მიმდინარეობდა და ბიზნესი იყო საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ 1 ივნისიდან მოუწევთ ე.წ მზომების დაყენება ფილტრებში, ეს ყოველივე ფინანსურად ძალიან დიდი ტვირთია მცირე თუ მსხვილი ბიზნესითვის. გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ბიზნესთან ერთად შევთანხმდით, რომ სამინისტრო მიმდინარე კვირაში ოფიციალურად მიაწოდებს ინფორმაციას იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც ინდიკატორულად გაიზომება. ის რაზეც, ბიზნესი წუხს, დღევანდელი კანონმდებლობით ისჯება სისხლის სამართლის დანაშაულით, ხოლო ახალი კანონმდებლობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით", -აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

მისივე თქმით, ამ კვირაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო ბიზნესს ოფიციალურად მიაწვდის უკვე ინფორმაციას იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც ინდიკატორულად გაიზომება დეტექტორების მიხედვით.

ცნობისთვის, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, რაც განმეორების შემთხვევაში ორმაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები