ქუთაისში, სიონის ქუჩაზე, სულ რაღაც ორი კვირაა ახალი სასტუმრო „ინაისი“ გაიხსნა, რომელიც ორ სართულზე 7 ნომერს და ტერასას აერთიანებს.
„ინაისი“ ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ცოლ-ქმარი სოფია ფიფია და ალექსანდრე ხაჭაპურიძე უძღვებიან. როგორც ისინი bm.ge-სთან აღნიშნავენ, სასტუმროს ტერიტორიაზე აქამდე სახლი იდგა, რომელიც პანდემიის პერიოდში საკუთარი ძალებით გააფართოეს და სასტუმროდ აქციეს. მათივე თქმით, სასტუმროს მშენებლობა პირადი ფინანსებით დაიწყეს, შემდგომ კი საბანკო სერვისით ისარგებლეს.
„სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. ეს ოჯახური ბიზნესია და ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. „ინაისი“ ორი კვირაა, რაც გაიხსნა და უკვე დამსვენებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან ვუმასპინძლეთ. ჩვენი სავიზიტო ბარათი ტერასაა, სტუმრებსაც ყველაზე მეტად გელათისა და ბაგრატის ხედი მოსწონთ, ამასთან აქცენტს ქართულ ტრადიციულ კერძებზე ვაკეთებთ.
რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, ფასები 80 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს, ფასში საუზმეც შედის. გვაქვს 2, 3 და 5-კაციანი ნომრები“ - ამბობენ „ინაისის“ დამფუძნებლები.
„ინაისს“ უახლოეს პერიოდში მესამე სართულიც დაემატება და ჯამში სასტუმრო 14 ნომერს გააერთიანებს.