მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ხალხი საქართველოში იმ კორუფციული ეთიკით მოდის, რომელიც რუსეთშია" - გიორგი გობრონიძე რუსეთიდან მიგრაციაზე

633210f34ce07
ალა ისპირიანი
27.09.22 19:45
811
რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების საცობებია.

აღნიშნულ ფაქტზე საუბარი სხვა და სხვა დარგის სპეციალისტების მხრიდან გააქტიურდა, რადგან მათი ნაწილის მოსაზრებით, დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრანტებად შემოსვლა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს შექმნის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ეს ხალხი საქართველოში იმ კორუფციული ეთიკით მოდის, რომელიც რუსეთშია, რამაც შესაძლოა საფრთხე შექმნას.

„შეიძლება ამ რაოდენობის ადამიანის შემოსვლა სახელმწიფოს გრძელ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ტვირთად დააწვეს. ასევე აქ ის ხალხი მოდის, რომლებსაც, გააზრებული არა აქვთ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდიდან გამომდინარე, საკმაოდ პრობლემურია. ისინი ვერ აღიქვამენ იმ კონტექსტს, სად ჩამოდიან.

ეს ხალხი საკუთარი ცხოვრების წესით და ეთიკით მოდის, იმ კორუფციული ეთიკით, რომელიც რუსეთშია. მოდიან ქვეყნიდან, რომელიც ავტორიტარულია, სადაც ჯერ კიდევ ბევრ რამეს ორგანიზებულ დამნაშავეობრივი ჯგუფები წყვეტენ. უკვე ამის ნიშნები იგივე საინფორმაციო არხებში ჩანს, რომლითაც ისინი შეტყობინებებს ცვლიან - მაგალითად, სად შეიძლება ვიყიდო მართვის მოწმობა და ა.შ.

საჭიროა ქვეყნის შიგნით მიგრაციის პოლიტიკა გაიწეროს, თუ რას ვაპირებთ მიგრანტთა ამ ნაკადებთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი გობრონიძე "საქმის კურსში".