„ევექსის“ კლინიკებში 4-კომპონენტიანი გრიპის ვაქცინები ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში bm.ge-ის უთხრეს, კლინიკა მომწოდებელზეა დამოკიდებული.
„ვაქცინა შემოვა, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ადამიანებს ექნებათ საშუალება ცხელ ხაზზე დარეკონ, ჩაეწერონ კლინიკაში და აიცრან. წელს ვაქცინას განსაკუთრებით არ დაუგვიანია, გასულ წლებშიც ასეთ დროს ხდებოდა მისი შემოტანა“, - აცხადებენ „ევექსში“.
მათივე ცნობით, ვაქცინაციის ღირებულება და რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
„პანდემიის გამო ვაქცინის ღირებულებასა და რაოდენობაზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ; როცა ჩამოვა, განხორციელდება მისი განფასება და მერე გვეცოდინება თუ რა ეღირება", - განმარტავენ „ევექსში“.
ცნობისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები პერიოდულად წერენ იმის შესახებ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ, მაგრამ ხელმისაწვდომი არაა. განსხვავებული ვითარებაა რისკ-ჯგუფებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც აცრები სრულიად უფასოა, მაგრამ როგორც 2 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მიმართვიანობა დაბალია. "უკვე ორ კვირაზე მეტია გრიპის საწინააღმდეგო აცრები კეთდება, თუმცა მიმართვა დაბალია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



























