მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირმა საქართველო-ბულგარეთ-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა აღგვითქვა"

60519c7f8692b
ინგა მურუსიძე
17.03.21 10:53
715
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირმა საქართველო-ბულგარეთ-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა დაადასტურა.

"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში, შავ ზღვაზე საქართველო-ბულგარეთ-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, საბჭოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ მოხსენებებით წარვდექით. დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ჩვენს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად საუბარია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის მეტად განვითარებაზე საქართველო-ბულგარეთ-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება.

„ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, თუმცა სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის - შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები