მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასსა და ხარისხში გვაქვს პრობლემა" - რატომ არ იცვლება საექსპორტო პროდუქცია?

61c0d541c297c
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 23:52
561
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის 10 თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ბრუნვამ ამ პერიოდში თითქმის 13 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 25%-ით აღემატება. ექსპორტი თითქმის 27%-ით გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს თითქმის 74% უჭირავს, დანარჩენი კი რეექსპორტზე მოდის. ასევე, 2016 წელთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი გაორმაგებულია. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად არ არის შეცვლილი ის პროდუქცია, რომელსაც საზღვარგარეთ ვყიდით. ეს მაჩვენებლები გადაცემა „საქმის კურსში“ ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანა კვარაცხელიამ შეაფასა.

„პრობლემა ისაა, რომ ათეულში შემავალი საექსპორტო პროდუქტები ძირითადად ნედლეული ან პირველადი წარმოების პროდუქტებია. ჩვენ არანაირ პროდუქტს არ ვაწარმოებთ ისეთს, რომელსაც საქართველოში აქვს დამატებული ღირებულება და შემდეგაა გატანილი. ასევე, აღსანიშნია საქართველოში წარმოებულ პროდუქციას რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი და რატომ ყიდულობს იმპორტირებულს. ესე იგი ფასსა და ხარისხში გვაქვს პრობლემა და დისბალანსი. ჩვენი პროდუქტები იმდენად ძვირია და იმდენად არ არის მაღალი ხარისხის, რომ ევროკავშირში ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს, რომელიც გაცილებით იაფია, კონკურენციას ვერ უწევს.

ხარისხს და ფასს კი ერთობლივად ქმნის ბევრი რამ. მათ შორის ტექნოლოგიები, განათლება, წარმოების ხარჯებიც კავშირშია, ლოგისტიკა, ტრანსპორტი. საქართველოში ლოგისტიკის და ტრანსპორტის ხარჯი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად კონკურენციას ვერ ვუწევთ სხვებს სხვადასხვა ბაზრებზე. ამასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები. ეს არ არის მხოლოდ ფულის შემოდინება ქვეყანაში, ინვესტიციები პირველ რიგში არის ცოდნა, ტექნოლოგიები და მარკეტინგიც კი. ჩვენ როდესაც ექსპორტზე ვსაუბრობთ და ამას ინვესტიციების გარეშე განვიხილავთ, ეს არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ანა კვარაცხელიამ.

ხოლო კითხვაზე, რატომ არის საქართველოში ტრანსპორტირება ძვირი, მან აღნიშნა:

„ანაკლიის პორტი, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი იყო, გაჩერდა, მას უნდა გაეიაფებინა საქართველოდან ტვირთბრუნვა. დღეს, საქართველოში პორტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენს პორტებს უბრალოდ მეტი ტვირთგამტარობა აღარ აქვს. ასევე პრობლემაა სასამართლო სისტემა, რომელიც არასოდეს არ დაიხვეწა. პოლიტიკური არასტაბილური სიტუაციაც გვაქვს, ის მესიჯები რომელიც ქვეყნიდან მიდის, არ არის ინვესტიციების მოზიდვისთვის მიმზიდველი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები