მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფორმულა" თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

641a026f98a77
BM.GE
21.03.23 23:12
935
"ფორმულა" თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

Bm.ge მას უცვლელად გთავაზობთ. 

"ტელეკომპანია ფორმულა, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეშფოთებულნი ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კეზერაშვილს დაუსაბუთებლად დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა. გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს - ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან -"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა.
ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია - სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულა და მისი გუნდი განვაგრძობთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის - გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს. ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია - ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით", - წერია გავრცელებულ განცხადებაშო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები