საქართველოში მოქმედმა ტელევიზიებმა კომუნიკაციების კომისიას 2025 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ წარუდგინეს ინფორმაცია. მთლიანობაში რეკლამებიდან, სპონსორობიდან და სახის კომერციული საქმიანობიდან ტელევიზიებმა გასულ წელს 106 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2024 წელთან შედარებით 15.9 მილიონი ლარით, ანუ 18%-ით არის გაზრდილი.
ტელევიზიების კომერციული შემოსავლები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს - არქივის გაქირავება, განცხადებები, ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი, კომერციული რეკლამა, კონტენტის რეალიზება, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, საეთერო დროის გაყიდვა, სპონსორობა.
თუმცა, გარდა აღნიშნულისა სატელევიზიო სექტორი მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს სახელმწიფო დაფინანსებიდან (პირველი და აჭარის ტელევიზია), ასევე მნიშვნელოვანი წყაროა მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, სხვა პირების შემოწირულობა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი.
სახელმწიფო დაფინანსება გასულ წელს უცვლელი დარჩა და 100.5 მილიონი ლარი შეადგინა, ტელევიზიების მფლობელთა შემოწირულობა 9.5 მილიონი ლარი იყო, სხვა პირების შემოწირულობა და სხვა არასამუწყებლო შემოსავალი კი 16 მილიონი ლარი იყო. ჯამურად, 2025 წელს საქართველოში მოქმედმა ტელევიზიებმა არაკომერციული წყაროებიდან 126 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ტელევიზიების კომერციულ შემოსავლებს აღემატებოდა. გარდა ამისა, ტელევიზიების დაფინანსების წყაროა კომერციული ბანკებიდან და არხის მფლობელებთან დაკავშირებული პირებისგან მიღებული სესხები, თუმცა კრედიტების შესახებ ინფორმაციას არხები ComCom-ს არ წარუდგენენ და შესაბამისად აღნიშნული უცნობია.
რაც შეეხება უშუალოდ ტელევიზიებს - 2025 წელს ყველაზე დიდი 90 მილიონი ლარის შემოსავალი პირველმა არხმა მიიღო, თუმცა ეს თითქმის სრულად სახელმწიფო დაფინანსებას წარმოადგენდა, ამასთან 16 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო აჭარის ტელევიზიამ. რაც შეეხება კომერციულ შემოსავლებს, ამ მიმართულებით პირველ პოზიციას კვლავ "ტელეიმედი" იკავებს, რომელმაც 2025 წელს 45 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა წლიურად 67%-ით არის გაზრდილი. 45%-ით გაიზარდა "რუსთავი 2"-ის, ანუ სს "მედია ჰოლდინგის" კომერციული შემოსავალი და მან 20 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პოსტვ-ის კომერციული შემოსავალი კი 6%-ით 8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, 2025 წელს მაუწყებლობა შეწყვიტა "მთავარმა არხმა", ხოლო "ტვ პირველის" შემოსავალი 1%-ით. 7.35 მილიონ ლარამდე გაიზარდა, "ფორმულას" შემოსავალი კი 6%-ით, 5.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ComCom-ის თანახმად, ტელევიზიების 2025 წლის კომერციული შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
| # | ტელეკომპანია | 2025 წლის კომერციული შემოსავალი | ზრდა/კლება |
| 1 | ტელეიმედი | 45,103,802 ლარი; | 67% |
| 2 | რუსთავი 2 (სს მედია ჰოლდინგ) | 20,012,259 ლარი; | 45% |
| 3 | პოსტვ | 7,970,579 ლარი; | 6% |
| 4 | ტელეკომპანია პირველი | 7,358,738 ლარი; | 1% |
| 5 | ჯი-დი-ეს თი-ვი | 6,607,635 ლარი; | 122% |
| 6 | ფორმულა | 5,222,803 ლარი; | 6% |
| 7 | ბი ემ ჯი | 4,130,327 ლარი; | 26% |
| 8 | საზოგადოებრივი მაუწყებელი | 1,449,954 ლარი; | -23% |
| 9 | სილქნეტი | 1,026,047 ლარი; | -36% |
| 10 | რაგბი ტვ | 969,936 ლარი; | 1% |
ტელევიზიების კომერციული შემოსავლები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს - არქივის გაქირავება, განცხადებები, ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი, კომერციული რეკლამა, კონტენტის რეალიზება, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, საეთერო დროის გაყიდვა, სპონსორობა.




























