მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრანგებს ვთხოვეთ, რომ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზრის კვლევა ჩატარებულიყო" - მინისტრი

6086fdd072437
თამთა ჯიჯავაძე
26.04.21 23:40
3071
დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა GREEN ALLIANCE-მა დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს.

“ჩვენ ვთხოვეთ ფრანგებს, რომ გაკეთებულიყო საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა, ეს საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ დააფინანსა. დეტალური კვლევის შემდგომ მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთნენ პროექტირებაში და უკვე სახეზე გვაქვს სალერსის ჯიშის ახალი ლოტი, რომელიც მთიან ცივ კლიმატს კარგად ეგუება, შესაბამისად დმანისისთვის ეს არის იდეალური ჯიში.

საერთო ჯამში დაგეგმილია 20 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ცოდნა ადგილობრივ ფერმერებს გადაეცეთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას აგროინდუსტრიულ ჯგუფთან იმისთვის, რომ მეთხევეობის მიმართულებით ახალი პროექტი შედგეს, ასევე ყველა პარამეტრის დეტალურად შესწავლა მოხდეს და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული საინვესტიციო ნაბიჯები.

დმანისში ფერმის გახსნას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი გამოეხმაურა. როგორც მან „ფეისბუქზე“ დაწერა, ევროკავშირს და საფრანგეთს საქართველოში ფერმერების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მისივე თქმით, 2018 წლის შემდეგ, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებით 12 ფერმერი სარგებლობს, მალე ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები