მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადასახადების კუთხით გეგმას შევასრულებთ "- ირაკლი კოვზანაძე

5f50b0b3c4c63
ლიკა გურაბანიძე
03.09.20 14:33
783
“ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდა პანდემიის პრობლემების ჩაქრობასთან ერთად დაიწყება” - ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა.

კოვზანაძემ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ს მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური”-ს უცვლელად დატოვებაც შეაფასა. როგორც მან განმარტა, მთავრობას პერსპექტივები სწორედ ბოლოდროინდელ რეფორმებში აქვს.

“ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური პრობლემები ძირითადად პანდემიით არის გამოწვეული. პანდემიის შეჩერების მთავარი წამალი არის აქტივობების შეზღუდვა. თუმცა, აქტივობების შეზღუდვა ბუნებრივია ბიზნესზე, გადასახადებზე და შემდეგ შემოსავლებზე აისახება”, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, წელს მშპ-ს ვარდნა 4% და 5%-ს შორის იქნება. კოვზანაძე 2021 წელს სახელმწიფოს ევროობლიგაციების (ნახევარი მილიარდის) გასტუმრების საკითხსაც შეეხო.

“ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საგარეო ვალდებულებების დაფარვის გზით წავსულიყავით და ეს ევროობლიგაციები იმ ბუფერით გადაგვეფარა რაც არის, ამიტომ დღეს საკითხი ისე, რომ რაიმეს რესტრუქტურიზაციაზე იყოს საუბარი, არ დგას.

როდესაც ჩვენ ივნისის ბოლოს ბიუჯეტს ვამტკიცებდით, სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდგომ შევთანხმდით, რომ ეს -4% იქნებოდა. ეს არის ზუსტად ახლოს იმ რეალობასთან, რაც ჩვენ დღეს გვაქვს და ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რომ შემცირებულია ჩვენ ამას ყოველთვიურად ვგრძნობთ.

დღეს, ჩვენი მონაცემებით, მშპ-ს ვარდნა იქნება 4-%სა და 5%-ს შორის. დაგეგმილი გვქონდა და 9 თვეში გადასახადები 6 მლრდ 570 მლნ-ზე მეტი უნდა მიგვეღო, 8 თვის მონაცემებით 6 მლრდ 174 მლნ გვაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ 9 თვის გეგმა თითქმის 92-93%-ით შესრულებული გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადასახადების კუთხით გეგმას შევასრულებთ.

რაც შეეხება ასიგნებების ნაწილს, ჩვენ დავგეგმეთ, რომ 15.9 მლრდ დავხარჯავთ, თუმცა შემოსულობები 18 მლრდ-ზე მეტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ფინანსთა სამინისტროს რეზერვები იქნება” - განაცხადა კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები