"გალტ & თაგარტმა" ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.
COVID-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც 2020 წელს ადგილობრივი ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, სწრაფი ზრდის მიუხედავად საქართველოში ელკომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც განვითარებული ბაზრების დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინვაჭრობაზე - 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება. კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელკომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით 2020 წელს გაყიდვების 65%-ს შეადგენდა. ამასთან, ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება (138 მლნ ლარი 2020 წელს). ამასთან, იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელკომერციის წილის ზრდა 1.1%-დან 4.7%-მდე. კვლევის მიხედვით სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს ონლაინ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა, ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯის ზრდა და ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიერ უცხოური ონლაინ პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.
კვლევის მიხედვით, მომსახურების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისათვის, რადგან მოსახერხებელი ონლაინ ვაჭრობის შეთავაზება მთავარი გამოწვევაა. შედეგად, ქართველები 3.3-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე ადგილობრივში. ამასთან, ვაჭრობის სრული პროცესის გაუმჯობესება (ძებნიდან მიწოდებამდე) დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, მასშტაბის ეკონომია ელკომერციის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმების ზრდის ძლიერ პოტენციალზე მიუთითებს. გარდა ამისა, აუცილებელია ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინტერნეტ/მობილური ბანკინგის გამოყენების გაზრდა და ლოგისტიკის განვითარება. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ის არსებული უპირატესობები, როგორებიცაა განვითარებული საბანკო სექტორი, ინტერნეტზე მაღალი ხელმისაწვდომობა და ქვეყნის შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა.
„გალტ & თაგარტი აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების დაფარვას და ბიზნესისთვის სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზზე დაფუძნებული კვლევების მიწოდებას. მსოფლიოში ონლაინვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19 პერიოდში. დარგის ექსპერტების აზრით, ონლაინვაჭრობაზრე მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც გაგრძელდება, რადგანაც ამ კრიზისით შეცვლილი მოხმარებლის ქცევა მომავალშიც შენარჩუნდება. საქართველოშიც იგივე ტენდენცია გამოიკვეთა და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ონლაინვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია ელკომერციის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გავუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა სექტორში არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ“, - განაცხადა "გალტ & თაგარტის" კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
ელექტრონულ კომერციაზე კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე გალტ & თაგარტის ვებგვერდზე: www.gt.ge




























