მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოხატვის და მედიის თავისუფლება მთავრობისთვის პრიორიტეტია" - ღარიბაშვილი მიატოვიჩს შეხვდა

6214eb9b238f8
მარიამ ვარადაშვილი
22.02.22 18:28
515
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა.

სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს",-წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები