მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაყიდვები 50%-ით გაიზარდა... ხალხმა სოფლებში მშენებლობა დაიწყო" - "აგური.ჯი"

630f567731ee5
მარიამ იზორია
31.08.22 23:35
1214
პანდემიის შემდგომ „აგური.ჯის“ გაყიდვები გაეზარდა. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი შალვა ილურიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, პანდემიის განმავლობაში აგურზე მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გაყიდვებში დაახლოებით 50%-იანი ზრდა აქვთ.

მისივე თქმით, ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ფასების ზრდა მოუწიათ, რადგან კომპანია საქართველოში წარმოებული აგურის გარდა, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს ყიდის.

„პანდემიის შემდგომ პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია. კოვიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ხალხმა სოფლებში დასვენება და მშენებლობა დაიწყო. ამან გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო. პანდემიის პერიოდს თუ შევადარებთ, გაყიდვებში 50%-იანი ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება ფასებს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან უმაღლესი ხარისხის აგურის იმპორტს ვახორციელებთ, რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა, ამიტომ ფასების დაახლოებით 20%-ით ზრდა მოგვიწია“ - ამბობს „აგური.ჯის“ გაყიდვების მენეჯერი.

შალვა ილურიძე კომპანიის გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, „აგური.ჯი“ მალე მშენებლობისთვის საჭირო ყველა მასალას გააერთიანებს. ამასთან, მიტანის სერვისსაც განავითარებს.

„გვინდა მომხმარებელს ყველანაირი სამშენებლო მასალა შევთავაზოთ. ასევე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. სამომავლოდ ორიენტირებას მსხვილ შეკვეთებზეც გავაკეთებთ“ - განმარტავს ის.

ცნობისთვის: „აგური.ჯის“ საწყობი ჟინვალში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულ აგურსა და ბლოკებს სთავაზობს. „აგური.ჯი“ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს, ამასთან საბითუმო და ონლაინ ვაჭრობითაც არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები