მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გეგმიური ოპერაციები შეწყდა, რათა კლინიკებს არ ჰქონოდათ ცდუნება, რომ ოპერაციები ჩაატარონ"

6101052fe2f1a
ინგა მურუსიძე
28.07.21 11:27
2791
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმიური ოპერაციები დადგენილებით შეწყდა, რათა კლინიკებს არ ჰქონოდათ ცდუნება, რომ ოპერაციები ჩაატარონ. მინისტრი ცდუნებას იმით ხსნის, რომ შესაძლოა, კლინიკებმა ჩაატარონ ოპერაციები და ქვეყნის საჭიროებებზე უარი თქვან.

გარდა ამისა, მინისტრმა ქვეყანაში არსებულ საწოლფონდზე ისაუბრა და თქვა, რომ არც ერთი პაციენტი, მათ შორის ბავშვი მკურნალობის გარეშე არ დარჩება.

„ჩვენი ბერკეტი არის იმ რესურსების მობილიზება, რომელიც ქვეყანაშია. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით, 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში არსებობს. მეორე ტალღის დროს ეფექტიანად გამოვიყენეთ სასტუმროები და, დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უნდა განახორციელონსასტუმროების საწოლფონდის  მობილიზება, რათა ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, დამატებით მობილიზებულია ონლაინ-კლინიკა, რომელიც, დაახლოებით, 20 ათასამდე პაციენტს მართავს ბინაზე.

კითხვას - რატომ გახდა საჭირო საწოლების მობილიზება ახლა და რატომ არ იყო სამინისტრო მზად ამისთვის აქამდე, ტიკარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„მაღალ დანახარჯებზეა საუბარი; მნიშვნელოვანია რაციონალური მართვა და რაციონალური მობილიზაცია. მე მახსოვს, როცა მეორე ტალღის დროს მოვახდინეთ საწოლფონდის მაღალი მობილიზაცია, ხარჯები ძალიან ხშირად გახდა მედიის მხრიდან კრიტიკის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ეტაპობრივი და დაყრდნობილია საჭიროებაზე. არც ერთი პაციენტი გარეთ არ დარჩენილა. ზუსტად ვიცით, რა მოლოდინი გვაქვს შემდეგ და ეტაპობრივად ემზადება სექტორი; როცა არ არის საჭირო საწოლების მობილიზება, საწოლები მობილიზებული არ უნდა იყოს. სექტორი არის გაფრთხილებული და ამ გაფრთხილების შედეგად, მათ აქვთ უნარი, რომ 24-დან 72 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ ინფორმაცია საჭიროების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები