მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანიამ დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა" - ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

6460c028d3839
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 14:54
732
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს გერმანიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია.

„უკვე ბერლინში ვარ - იარაღები, ძლიერი წინადადებები, საჰაერო თავდაცვა, რეკონსტრუქცია, ევროკავშირი, NATO, უსაფრთხოება", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, ბელვიუს სასახლეში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა გამართა. ვიზიტის დროს მან მადლობა გადაუხადა ოფიციალურ ბერლინს რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის და გერმანიას „ნამდვილი მეგობარი" უწოდა.

„უკრაინის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროს გერმანიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ევროპაში მშვიდობას დავაბრუნებთ“, - წერს ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტის სტუმრების წიგნში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსაც შეხვდა. ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით მიიღეს - ოლაფ შოლცი მას სასახლის ზღურბლთან დახვდა, გერმანული მედია კი, შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს „ფანტასტიკური სოლიდარობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ზელენსკისა და შოლცის პირისპირი საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. გერმანული მედიის ცნობით, ზელენსკის, შოლცისა და გერმანიის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი კონსულტაციებიც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს გერმანიამ უკრაინის დახმარების ყველაზე დიდი სამხედრო პაკეტი წარადგინა. როგორც ოფიციალურმა ბერლინმა განაცხადა, კიევს 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის, მათ შორის ლეოპარდის ტანკებს, საბრძოლო მანქანებსა და სადაზვერვო თვითმფრინავებს გადასცემს.

როგორც ცნობილია, შოლცსა და შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აახენში გაემგზავრება, სადაც მისი და უკრაინელი ხალხის გმირობისთვის კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოებენ. დაჯილდოებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც დაესწრება. 

ცნობისთვის: ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლოს გერმანიას მიუნხენის უშიშროების საბჭოზე გასული წლის თებერვალში, ომის დაწყებამდე ეწვია.

აქვე გეტყვით, რომ გერმანიაში ჩასვლამდე, 13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი იტალიას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები