მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანიის ცხენოსნობის ფედერაციისგან შეკვეთა მივიღეთ" - სამაგიდო თამაშების ქართული საწარმო

63fc66b037d63
თინათინ ნატმელაძე
05.03.23 12:55
749
„თამაშობანა“ - ასე ჰქვია კომპაინას, რომელიც 2015 წლიდან სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშებს ამზადებს და ახლა უკვე ექსპორტისთვისაც ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, კომპანიას 500 ცალი ერთეული სათამაშო გერმანიაში გასაგზავნად უკვე მზად აქვს.

„საექსპორტო სამაგიდო თამაშს „ჩემპიონის ქვიზი“ ჰქვია, ეს პროდუქტი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს, სპეციალური დაკვეთა მივიღეთ გერმანიის ცხენოსნობის ფედერაციისგან. ნიმუში უკვე გაგზავნილი გვაქვს, საბოლოო ცვლილებების დადასტურებას ველოდებით და მომდენო კვირაში უკვე გავგზავნით.

გერმანიის გარდა, საექსპორტო მოლაპარაკებებს კანადასა და ესპანეთშიც ვაწარმოებთ.“ - განაცხადა ნაუ სონღულაშვილმა.

მისივე ცნობით, მსგავსი პროდუქტის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი ბავშვებისთვის ქართულ ენაზე დაწერილ სამაგიდო თამაშებზე ხელმისაწვდომობა იყო.

„კომპანია 2015 წელს დაარსდა, დავიწყეთ სამაგიდო თამაშების წარმოებით და მალევე ტექნოპარკის ბიზნეს აქსელერატორის პროგრამაში მოვხვდით, სადაც შევძელით, რომ ჩვენი ხელნაკეთი წარმოება მასობრივ წარმოებაზე გადაგვეწყო, რომელიც იდეაში სტამბური ბეჭდვა იყო, რამაც ხარჯებიც შედარებით დაწია, ამან კი საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

2018 წელს მეორე კომპანიაც შევქმენით, „თამაშობანას“ მეორე მიმართულება, რომელიც ბავშვთა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზეა ორიენტირებული.

თავდაპირველად, ფაქტობრივად, ჩვენი ხელფასებით ვაფინანსებდით ყველაფერს და ეტაპობრივად სხვადასხვა საგრანტო კონკურსებშიც ვმონაწილეობდით, რომელთა საშუალებითაც უფრო და უფრო ვფართოვდებოდით, ასე მოვედით ამ ეტაპამდე.“ - გვიყვება „თამაშობანას“ დამფუძნებელი.

კომპანიამ გასულ წელს 15 სახეობის 7 000-მდე ერთეული სათამაშო აწარმოა, რომელიც „თამაშობანას“ მაღაზიასა და რამდენიმე კონცეპტუალურ მარკეტში რეალიზდა.

„ამჟამად ჩვენი პირადი მაღაზია და კონცეპტუალური კაფე გვაქვს გაერთიანებული, სადაც ჩვენი პროდუქტის შეძენაც შესაძლებელია და სხვადასხვა ვორქშოპებსა და აქტივობებზე დასწრებაც.

წლის ბოლომდე კიდევ ერთ ახალ მულტიფუნქციურ სივრცეს გავხსნით, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ახალი კონცეფცია იქნება და ბევრად უფრო მასშტაბურიც, ვიდრე ახალაა. ამ პროექტისთვის ყველაფერი გაწერილი გვაქვს, მათ შორის ფინანსებიც, თუმცა ამ საკითხზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. მთავარი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ აქ იქნება ღია და დახურული სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის, სადაც დასვენება, გართობა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობით დაკავება იქნება შესაძლებელი.“ - განმარტავს ნაუ სონღულაშვილი.

ინფორმაციისთვის, ამჟამად „თამაშობანა“ სრულ განაკვეთზე 10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ნახევარ განაკვეთზე 40-50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო წლის ბოლომდე სრულ განაკვეთზე დასაქმებული კადრების რაოდენობის 30-მდე გაზრდას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები