ფარმაცევტული კომპანია GM Pharma საექსპორტო არეალს აფართოებს და გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე გამოსვლისას კომპანიის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას განაცხადა.
დღეს, GM Pharma-ს წარმოებული მედიკამენტები საქართველოს ჩათვლით 10-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და კომპანია გაყიდვებში ექსპორტის წილის გაზრდას გეგმავს.
„GM Pharma 2000 წელს დაფუძნდა. ჩვენ შემოგვაქვს ნედლეული და ვაწარმოებთ მედიკამენტებს. ჩვენ საქართველოსთან ერთად კიდევ 7 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, სადაც აქტიური მარკეტინგი გვაქვს. ეს არის ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და მოლდოვა. ასე გვაქვს რეგისტრაციები უკრაინასა და ბელარუსში. ჩვენ ვაპირებდით ამ ბაზრებზე შესვლას და მუშაობის დაწყებას, თუმცა ამ ომის გამო გადაიდო.
დაწყებული გვაქვს რეგისტრაცია თურქმენეთში და მოლდოვაში, მოვახდინეთ ინიციირება. ვაპირებთ რეგისტრაციას გერმანიაში - ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეტანილია გერმანიის მარეგულირებელში ჩვენი განაცხადი. ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოვა გერმანული ინსპექცია და 2027 წლის თებერვალში გერმანიაში რეგისტრაციაზე საბუთებს ჩავაბარებთ.
2025 წელს მთლიანი წარმოების 43% ადგილობრივი ბაზარზე გაყიდვებზე მოდიოდა, 57% კი ექსპორტზე. მომავალი წლის გეგმით 40% იქნება საქართველოს ბაზარზე, ხოლო 60% უცხოეთზე. ახალ ბაზრებზე აქტიური შესვლით, რაც ამ წლის ბოლოდან დაიწყება, 2027 წლის დასაწყისში ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გაყიდვების შემთხვევაში, წარმოება საკუთარ თავს ვერ შეინახავს“, - განაცხადა გოჩა გოგილაშვილმა.




























