„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლოა, საქართველოს სავალუტო რეზერვები დამატებით მილიარდი დოლარით გაიზარდოს.
როგორც ნადარაიამ BMG-ის განუცხადა, მაისში რეზერვების 531 მლნ დოლარით ზრდა დიდწილად ეროვნული ბანკის სავალუტო შესყიდვებით იყო განპირობებული. მისი თქმით, სავარაუდოდ, წლის დარჩენილ პერიოდში რეზერვების დაგროვების ტემპი შედარებით შენელდება, თუმცა მისი $8 მლრდ დოლარამდე ზრდა მაინც მოსალოდნელია.
“მაისის სტატისტიკა თუ რამდენი იყო შესყიდვები, ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება, ჩვენ ჯერ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა წინასწარი შეფასებით, ძალიან დიდი შესყიდვები იყო, ალბათ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი. რამ განაპირობა ეს ინტერვენციები? ძალიან გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები. ახლო აღმოსავლეთის ესკალაციის შედეგად, სამწუხაროდ, ჩვენ ტურიზმი შეგვიმცირდა, მაგრამ მაინც აღდგენა არის. მეორე, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა, მათ შორის ნავთობის ექსპორტი. წმინდა სავალუტო შემოდინებები რომ მაღალია, ეს რას ნიშნავს? რომ ექსპორტი, გზავნილები, ტურიზმი უფრო იზრდება, ვიდრე იმპორტი.
როდესაც სავალუტო ბაზარზე ასე ხდება, რომ ვალუტის ჭარბი მიწოდებაა, ეს თავისთავად იწვევს გარკვეულწილად [ლარის] გამყარებას და ასევე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას. რამდენად გაგრძელდება ამ მოცულობით [სავალუტო შესყიდვები], ვფიქრობ, რომ არა, მაგრამ ჯერჯერობით ბაზარზე ვალუტის ჭარბი მიწოდება ნარჩუნდება. უფრო ნაკლები მასშტაბით, მაგრამ გაგრძელდება {სავალუტო შესყიდვები]. ვფიქრობთ, ვფიქრობთ, შეიძლება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით [სავალუტო რეზერვების მოცულობა] დამატებით კიდევ გაიზარდოს. თუმცა როგორც ყოველთვის, რეზერვი არ არის მხოლოდ ინტერვენციაზე დამოკიდებული, უკვე ოქროს ფასიც არის მნიშვნელოვანი, ევროს, იუანის წილიც მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ცნობისთვის, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს.




























