ძლიერი სავალუტო შემოდინებები ლარის კურსსა და რეზერვებზე დადებითად აისახება - ამის შესახებ TBC Capital-ის ახალ მაკროეკონომიკურ განახლებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ძლიერი სავალუტო შემოდინებები, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებული ბალანსი და საერთაშორისო რეზერვების ზრდაა.
TBC Capital-ის კალკულაციით, ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების შემოსავლების გამოკლებით, დადებითი იყო. აღნიშნული მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, მშპ-ის 0.1% შეადგინა.
TBC Capital წერს, რომ ეს მაჩვენებელი წინა კვარტლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა დადებითი ბალანსი მაინც შენარჩუნდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა ტურიზმსა და ენერგორესურსების ფასებზე გავლენა მოახდინა.
„პროფიციტი შენარჩუნდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, რაც, მათ შორის, მარტში ექსპორტის მხრიდან ტურიზმის დანაკლისისა და ნავთობის გაძვირებული იმპორტის დაბალანსებას უკავშირდება“, აღნიშნულია TBC Capital-ის განახლებაში.
ორგანიზაციის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტლიდან მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული ბალანსი უკვე ოთხი კვარტალია დადებითია. ამ პერიოდში, რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით, პროფიციტმა მშპ-ის დაახლოებით 1% შეადგინა.
TBC Capital-ის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებული მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის გაცვლით კურსსა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდაზე დადებითად აისახა.
ექსპორტი, ტურიზმი და გზავნილები სავალუტო შემოდინებების მთავარი წყაროა
TBC Capital-ის მიხედვით, ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოსთვის უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანი წყაროები საქონლის ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ICT მომსახურების ექსპორტი იყო.
ორგანიზაციის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი ამ პერიოდში მშპ-ის 26.4%-ს შეადგენდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი მშპ-ის 12.3% იყო, წმინდა ფულადი გზავნილების 10.9%, ხოლო ICT მომსახურების ექსპორტის 3.8%.
ამავე პერიოდში უცხოური ვალუტის ყველაზე დიდი გადინება საქონლის იმპორტს უკავშირდებოდა, რომელმაც მშპ-ის 44.1% შეადგინა. დივიდენდებსა და საპროცენტო ხარჯებზე კი ერთობლივად მშპ-ის 4.5% მოდიოდა.
TBC Capital-ის შეფასებით, რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, თუმცა მათი ჩათვლით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს.
პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, სეზონური ფაქტორების გამორიცხვის გარეშე, 298 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 271 მილიონი დოლარით, ანუ 48%-ით შემცირდა.
ორგანიზაციის შეფასებით, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ICT სექტორის მომსახურების ექსპორტის ზრდამ ითამაშა. ამ მიმართულებით ექსპორტი წლიურად 167 მილიონი დოლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების ზრდამ, გადახდილი დივიდენდების შემცირებამ, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ და უცხოეთში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ.
ამასთან, TBC Capital აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირების მომსახურების წმინდა ექსპორტი 84 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც სატვირთო გადაზიდვების მომსახურების ექსპორტის კლებასა და იმპორტის ზრდას უკავშირდება.
უცხოური ინვესტიციები შედარებით დაბალ დონეზე რჩება
TBC Capital-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, 110 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, წინა წლების დინამიკის მსგავსად, შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება“, წერს TBC Capital-ი.
ამავე პერიოდში პორტფელური ინვესტიციებიდან წმინდა შემოდინებებმა 452 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 265 მილიონი დოლარი უცხოური აქტივების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს უკავშირდებოდა, ხოლო 187 მილიონი დოლარი უცხოეთიდან მოზიდულ ახალ სახსრებს.
საერთაშორისო რეზერვები 7.1 მილიარდ დოლარს აღწევს
TBC Capital-ის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ფონზე იზრდება საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიც.
ორგანიზაციის მონაცემებით, პირველ კვარტალში რეზერვები 148 მილიონი დოლარით გაიზარდა. ივნისის მდგომარეობით კი მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 800 მილიონი დოლარით მეტია.
TBC Capital-ის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური სასესხო უფლებების გამოკლებით, საქართველოს წმინდა სავალუტო რეზერვებმა დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
TBC Capital-ი აღნიშნავს, რომ მეორე კვარტალში სავალუტო შემოდინებების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა, რაც სავალუტო ბაზარზე არსებულ ჭარბ მიწოდებას უკავშირდება.
TBC Capital-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში სავალუტო ნაკადების გარკვეული ნორმალიზება არის მოსალოდნელი, თუმცა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკები კვლავ რჩება გაურკვევლობის ფაქტორად.
TBC Capital-ის საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.5% იქნება, ხოლო რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით მიმდინარე ანგარიში დაახლოებით მშპ-ის 1%-ის პროფიციტს შეინარჩუნებს.



























