მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ ვიმუშაოთ, კომპანია დაიხურება“ – GM Pharma

გოჩა გოგილაშვილი

GM Pharma-ს დირექტორის გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე მუშაობის შემთხვევაში დაიხურებოდა. ამის შესახებ მან „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე დეპუტატ ილია ინჯიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გოჩა გოგილაშვილმა კომპანიის წარდგენისას განაცხადა, რომ GM Pharma ექსპორტის არეალის გაფართოებაზე მუშაობდა და 2027 წლიდან მედიკამენტების გერმანიის ბაზარზე გაყიდვას გეგმავს.

ფარმაცევტული კომპანიების მოსმენის ფარგლებში კომისიის წევრმა ილია ინჯიამ დეპუტატს ჰკითხა: „თქვენ საქართველოს ბაზარზე მიღებული ქონებით აფინანსებთ საექსპორტო ბაზრებზე განვითარებას თუ იმ ქვეყნებში იღებთ კრედიტს? რა რეგულაციებია ახალ ქვეყნებში და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზარი აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენად განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებიდან?“

რაზედაც GM Pharma-ს დირექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია 2000 წელს დაფუძნდა პირველად ექსპორტზე კი 2007 წელს გავიდა.

„2007 წელს ყველაზე დიდ ბაზარზე უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში გავედით. მაშინ ექსპორტზე გასვლა კრედიტებით ხდებოდა. ამიტომ მედიკემენტების ფასთასხვაობაზე როცა საუბრობთ, ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშია გენერირებული, რაც შემდგომ განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას ხმარდება. საქართველოში მედიკამენტების გაყიდვები უმნიშვნელო იყო, მაშინ როდესაც კომპანია ექსპორტზე გავიდა“, - განაცხადა გოგილაშვილმა.

ილია ინჯიამ ამის საპასუხოდ კომპანიის ხელმძღვანელს მიმართა: „ყველა საბანკო კრედიტს სჭირდება რაღაც გარანტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოში ოპერირებით იყო განპირობებული. თქვენ თუ ტექნიკურად ამბობთ, რომ ბანკის კრედიტით განვითარდა ექსპორტი, დამერწმუნეთ რომ ეს იყო საქართველოს ბაზრის გარანტიები იყო. დარწმუნებული ვარ ყველა დანარჩენ ქვეყანაზე, სადაც თქვენ შესვლას აპირებთ, იგივე პრინციპი მუშაობს“, რაზედაც გოგილაშვილმა უპასუხა: „ერთს გეტყვით - მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ ვიმუშაოთ, კომპანია დაიხურება. კომპანია იმ მოგებას ვერ დააგენერირებს ექსპორტის გარეშე. რეალურ ციფრებს ვამბობ", - თქვა GM Pharma-ს გენერალურმა დირექტორმა და დასძინა: "უზბეკეთი ჩვენი კომპანიისთვის უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი ბაზარი. ამასთან, უზბეკეთში წინასწარი გადახდის მოდელი გვაქვს. ეს რომ იცოდეთ ფულადი რესურსი საიდან მოდის. კოვიდის პერიოდში, მაშინ შეიქმნა უზბეკეთში გატანაზე პრობლემა, გადიოდა პროდუქტი და თანხებს ვერ ვიღებდით, კოვიდის დროს გადავედით წინასწარ გადახდაზე და დღესაც ამ მოდელზე ვართ. სწორედ ამ ფინანსურ რესურსს ვიყენებთ ახლაც".

ბიზნესსა და დეპუტატს შორის დაძაბული დისკუსია, „ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარემ განმუხტა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოღებულმა რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაზარდა. შოთა ბერეკაშვილმა ისიც თქვა, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი მნიშვნელოვანია.

GM Pharma-ს დირექტორის ინფორმაციით, დღეს კომპანიას განვითარების კონცეფცია აქვს მომზადებული, თუმცა ჯერ ვერ ახორციელებს.

„ჩვენ გვიდევს კომპანიის წარმოების განვითარების სრული კონცეფტ-პროექტი, რომელიც დანიურ კომპანია Novo Nordisk-ს გავაკეთებინეთ, სადაც იქნება არამხოლოდ მყარი, არამედ ყველა ფორმის წარმოება. მაგრამ არ ვიწყებთ, იმის გამო რომ არ ვიცით, ღირს თუ არა საქართველოში განვითარება. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესვლა და დაწყება, იგივე წარმოების დაწყება შეიძლება უფრო იყოს... ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ იყოს კომპანია, დღემდე დაიხურებოდა, თავის ხარჯებს ვერ დაფარავდა. თუ ჩვენ აქ ვსაუბრობთ და ყურადღებას ვამახვილეთ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე კი ბატონო - როგორც სახელმწიფო დაარეგულირებს ისე მოვიქცევით“, - განაცხადა გოგილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები