"თამაში თამაშზე მეტია“ - ასეთია ბრენდ „გულსუნდას“ სლოგანი, კონცეფცია კი ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი აქტივობების შეთავაზებას მოიაზრებს.
„გულსუნდას“ ყუთში 2-დან 10 წლამდე ბავშვებზე მორგებული, ქართული წარმოების 5-7 პროდუქტია. ბრენდი ბაზარზე, დაახლოებით, 2 თვის წინ გამოჩნდა, თვიდან თვემდე კი ყუთში წარმოდგენილი პროდუქცია სრულად იცვლება. ბრენდზე „გულსუნდას“ თანადამფუძნებელმა ანი ჩერქეზიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში ისაუბრა.
„გულსუნდას“ ყუთები ბავშვებს სხვადასხვა პროფესიების ათვისებაში ეხმარება. ყუთი ბავშვის სქესის მიხედვით არაა დაყოფილი. უფროსებს სწორი პროდუქტის შერჩევაში ვეხმარებით, მთელი თვე ვფიქრობთ, ვტესტავთ. ბავშვებში კი, ფრთხილად ვნერგავთ იმ ღირებულებებს, რაც მართლა მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნების დაცვა და ა.შ“, - აღნიშნავს ანი ჩერქეზიშვილი.
როგორც „გულსუნდას“ თანადამფუძნებელი ამბობს, საბავშვო ყუთებს მცირე ტირაჟით უშვებენ, რადგან ხარისხზე არიან ორიენტირებულნი და არა რაოდენობაზე, პროდუქციის შერჩევის პროცესი კი საკმაოდ კომპლექსურია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საბავშვო ყუთებს ონლაინ-არხებით ყიდიან.

























