მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იანვარში იპოთეკურ სესხებში 35%-იანი შემცირება იყო, თებერვალში მდგომარეობა გაუმჯობესდა"

602fd0970afff
ლიკა გურაბანიძე
21.02.21 21:06
775
“იანვარში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები ჯამურად 26%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან დაახლოებით 11%-ით შემცირდა” - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ბლუაშვილის თქმითვე, ფულადი გზავნილების მოცულობით იანვარში პირველ ადგილზე იტალია იყო. მისივე განმარტებით, მთლიან გზავნილებში გასულ წელს ევროკავშირს დაახლოებით 41% ეკავა მაშინ, როდესაც რუსეთის წილი 19%-მდე იყო შემცირებული, ეს დინამიკა კი ახლაც გრძელდება.

ეკონომიკური მიმოხილვისას “თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა კომენტარი სავაჭრო ბალანსის წინასწარ მონაცემებზეც გააკეთა.

“სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი 16.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 16.4%-ით. იმპორტი ჯამში სავაჭრო ბალანსის შედეგად დაახლოებით 60 მლნ დოლარით გაუმჯობესდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საგარეო მოთხოვნა სუსტია და ტურიზმი იანვარში 0-თან ახლოს იყო. შესაბამისად, მოთხოვნის შემცირებას იმპორტის შემცირება მოჰყვა” - აღნიშნა ალექსანდრე ბლუაშვილმა.

ბლუაშვილმა ასევე განმარტა, რომ იანვარი იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით ცუდი თვე იყო.

“იანვარში იპოთეკური სესხების გაცემაში დაახლოებით 35%-იანი შემცირება იყო. თუმცა, თებერვალში პირველი ნიშნები შედარებით უკეთესია. კლების ტემპი იპოთეკურ სესხებში ისევ ნარჩუნდება, თუმცა შედარებით ნაკლები, დაახლოებით 15%-იანი კლება თებერვლის პირველ ნახევარში იყო” - განმარტა ალექსანდრე ბლუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა დასრულდა, იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები