მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ დეპუტატების სია უნდა გამოქვეყნდეს, რომლებიც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ" - ჭყონია

641079241c01e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.23 00:00
1202
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება XXI საუკუნეში კანონებს იგივე პირები იღებდნენ, რომლებიც კომუნისტური მენტალიტეტით გაიზარდნენ, რადგან ისინი დღევანდელი თაობის მოთხოვნებს ვერ უპასუხებენ. ამის შესახებ მან bm.ge-ს აგენტების შესახებ კანონის კომენტირებისას განუცხადა, რომლის პარლამენტიდან გაწვევაც, დიდი სამოქალაქო პორტესტის შედეგად, მხარდამჭერ დეპუტატებს თავადვე მოუწიათ.

„ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს კანონი <აგენტების კანონი> არ არსებობს. ამერიკული კანონიც რომ მიეღოთ, ეს ევროპისთვის მიუღებელი იქნებოდა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ევროპაში დანერგილი კანონები უნდა მივიღოთ. და არა რუსული...

გადავხედოთ ვინ მისცა ხმა რუსული სულისკვეთების კანონს?! პარლამენტში უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების სია, რომლებიც მუშაობდნენ რაიკომებში, იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები, რომლებიც მაღალ თანამდებობას იკავებდნენ კომუნისტური წყობის დროს. როგორ შეიძლება კომუნისტური წყობის დროს ჩამოყალიბებულმა მენტალიტეტმა მიიღოს XXI საუკუნის ის მოთხოვნილებები, რომელიც დღევანდელ თაობას აქვს. შეუძლებელია“, - აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი პარლამენტში ლუსტრაციის კანონის ამოქმედების საჭიროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომუნისტური წყობის დროინდელი კადრები პარლამენტიდან გაწვეულ უნდა იყვნენ.

„ლუსტრაციის კანონი უნდა მივიღოთ და უნდა ვიცოდეთ კომუნისტური წყობის დროს ვინ მივიდა კომუნისტურ პარტიაში, ვინ მუშაობდა რაიკომებში, ეს ხალხი მენტალურად დატვირთულია ძველი დროით და ახლა XXI საუკუნის მეოთხედია და რატომ უნდა მართავდნენ კომუნისტური პარტიის წევრები ქვეყანას. უნდა მოვითხოვოთ, ეს ხალხი გაიწვიონ პარლამენტიდან და მერე უნდა მივიღოთ კანონები.

კომუნისტურ პარტიაში ვინც მსახურობდა, ისინი უნდა გაიწვიო პარლამენტიდან და ახალი თაობით უნდა ჩაანაცვლონ“, - განმარტავს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები