მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი L"-ი პანდემიის დასრულების შემდეგაც მუშაობის ჰიბრიდული მოდელით ოპერირებს

638ef7bbac462
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.22 12:12
1836
„ჩვენ ვემსახურებით უმთავრეს ღირებულებას - ჯანმრთელ სიცოცხლეს“ - ეს სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის მთავარი გზავნილია მომხმარებლისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევისას „იმედი L”-ს ირჩევენ. კომპანია ამ მთავარი ღირებულების დაცვას 2014 წლიდან დღემდე ცდილობს და როგორც „იმედი L”-ში ამბობენ, მათი მიზნები და განვითარების სტრატეგია ვერც პანდემიურმა გავლენებმა შეცვალა.

კომპანია, რომელიც ქვეყანაში ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის 35%-მდე წილს ფარავს, პანდემიის დროს ახალ რეალობას მოერგო და სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად პროცესების მართვა დისტანციური მუშაობის მოდელით შეძლო. პანდემიის დაბრუნების შემდეგ მთავრობის მიერ გაკეთებული მოწოდებების და ასევე კომპანიების გადაწყვეტილებით, კერძო სექტორის დიდი ნაწილი ოფისებში მუშაობის მოდელს დაუბრუნდა. „იმედი L“ იმ გამონაკლის კომპანიათაგანი იყო, რომელმაც სამუშაო პროცესების ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმში წარმართვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და მის შედეგიანობაზე BM.GE-სთან ინტერვიუში „იმედი L“-ის ადამიანების და კულტურის დეპარტამენტის დირექტორმა ეკა ფუტკარაძემ ისაუბრა.

- დღეს პანდემია უკვე წარსულია, თუმცა მან მსოფლიო ეკონომიკებზე, მის ცალკეულ მიმართულებებსა და ასევე ცალკეულ კომპანიებზე დიდი გავლენა იქონია. მსოფლიოსა და საქართველოში საზოგადოების ნაწილმა პანდემიის გავლენით შექმნილ ახალ რეალობაზე მორგება მალევე შეძლო. „იმედი L”-ში რამდენად სწრაფად გადაეწყეთ ახალ დღის წესრიგზე?

პანდემიამ მართლაც მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ამ გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულთა საჭიროებებს უკავშირდებოდა. ორგანიზაციული გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება იმელი L-სთვის, ისევე როგორც ალბათ სხვა კომპანიებისთვის, უპირობო მოცემულობად იქცა. ნებისმიერი ცვლილების ეფექტიანობა შეიძლება გადაიხედოს, თუმცა გვჯერა, რომ ის ცვლილებები, რომლებიც ორგანიზაციებში ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ყოველთვის, ყველანაირ მოცემულობაში ეფექტიანია. ვინაიდან იმედი L- ში მხარდამჭერი კორპორაციული კულტურაა, ვფიქრობ, ახალ რეალობასთან, ამ კონტექსტში ადაპტირება ძალიან ორგანულად და შესაბამისად, სწრაფად გამოგვივიდა.

- ამ პერიოდში ერთ-ერთ მთავარ საკითხად თანამშრომელთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოება იყო. როგორ მოახერხეთ ტექნიკურად თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა?

პანდემიის დაწყებისთანავე ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იმ 700-მდე ადამიანის ფიზიკური და მენტალური უსაფრთხოება იყო, რომელსაც კომპანია ასაქმებს. ძალიან მოკლე დროში ყველას სახლში გვქონდა სამუშაო ინვენტარი. ისევე როგორც პანდემიის დროს, დღეს ჩვენ თანამშრომელთა ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის სხვადასხვა გზას აქტიურად მივმართავთ. ინტენსიურად ვმუშაობთ ფსიქოლოგებთან, ტრენერებთან, ქოუჩებთან, რომლებიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარებიან. პანდემიის შემსუბუქებისთანავე მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე დავიწყეთ ფიქრი. მალევე ვიკითხეთ თანამშრომლების აზრი ამასთან დაკავშირებით, შევიძინეთ ყველა საჭირო ტექნიკა თუ ინვენტარი და მხოლოდ შემდეგ, მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავედით.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამდენად მისაღები იყო ეს კომპანიისთვის? - ხომ არ იგულისხმება თანამშრომლებისთვის და არა კომპანიებისთვის?

ჩვენი კომპანიის ორი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა - შედეგიანობა და მხარდაჭერა, პირდაპირ ამ გადაწყვეტილებას გვკარნახობდა. ხარისხიანი შედეგები ჩვენი პრიორიტეტია, შედეგების მიღწევა კი ერთმანეთის მხარდაჭერით წარმოგვიდგენია. ამ ორი პირობის ხელშემწყობ ერთ- ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ ჰიბრიდული მუშაობის მოდელი წარმოვიდგინეთ. ჩვენი მოლოდინი თანამშრომლებთან გადავამოწმეთ, ასევე გავეცანით მსოფლიო პრაქტიკას და გადაწყვეტილება მოვიყვანეთ სისრულეში. შემოვიტანეთ მუშაობის ისეთი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ჩვენი თანამშრომლებისთვის ყველაზე მოსახერხებელი აღმოჩნდა. შესაბამისად 3 დღე ოფისში, ხოლო 2 დღე სახლიდან ან სხვა სივრცეებიდან ვმუშაობთ. ამგვარად მოქნილმა სამუშაო განრიგმა კომპანიაში ყველაზე ღირებული - თანამშრომელთა სამუშაო მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.

- რა ფორმით და როგორ მუშაობს ჰიბრიდული რეჟიმი? იყვნენ თუ არა დასაქმებულთა შორის ისეთები, რომლებმაც ჰიბრიდულ მუშაობას, სრულად ოფისში მუშაობა ამჯობინეს?

გვაქვს დეპარტამენტები და გვყავს ადამიანები, რომლებიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრადიციული რეჟიმით მუშაობენ. ამავდროულად მათ, ვისთვისაც განმარტოება მნიშვნელოვანია, ჰიბრიდული სამუშაო განრიგის პირობებში, ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეძლეს.

ოფისში ყოფნისას წავახალისებთ მუშაობის სინქრონულ მოდელსაც, რაც კომპანიის ხედვასთან, სტრატეგიასთან კავშირის გაძლიერებას, შემოქმედებითობას, იდეების გენერირებას უწყობს ხელს და ამისთვის ვთანხმდებით ისეთ დღეებზე, როდესაც თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი კონკრეტულ დღეებში ოფისში ერთდროულად ვართ.

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ კომპანიისთვის დასაქმებულთა ინტერესები მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ კონკრეტულად რა ბენეფიტების მომტანია ის კომპანიისთვის? თანამშრომლებისთვის?

კონკრეტულ ბენეფიტებზე თუ ვისაუბრებთ და ამ ბენეფიტს განვიხილავთ დასაქმებულთა კმაყოფილების კონტექსტში, შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ დადებით მხარეებზე, როგორებიცაა მაგალითად, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი, მგზავრობაზე დაზოგილი დრო, მოქნილობა, ნაკლები სტრესი, სოციალიზაციის და იზოლაციის ჰარმონიული მონაცვლეობა, ფიზიკურ გარემოში მუშობისას საგრძნობლად მომატებული ენთუზიაზმი და თანამშრომელთა ჩართულობა. რაც შეეხება კომპანიის ბენეფიტებს, ეს არის შესრულებული სამუშაოს მეტი ეფექტიანობა, რაც გაზომვადი და ხელშესახებია და ხარისხობრივ და მონეტარულ უკუგებაში აისახება.

- სახლიდან მუშაობის პერიოდში რამდენად ახერხებთ თანამშრომელთა მუშაობის ეფექტიანობის შეფასებას და დგას თუ არა ამის საჭიროება საერთოდ?

თანამშრომელთა მუშაობის ეფექტიანობა ჩვენი კომპანიის კულტურიდან გამომდინარე, არასდროს იზომებოდა იმით, თუ რამდენად დიდ დროს ატარებდა ის ოფისში. ვფიქრობ, ყველაზე მიმზიდველი ჩვენთან, სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებია. ეს არის ის ფაქტორი, რაც პირადად ჩემთვის, ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა ამ გუნდთან შეერთების გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება ეფექტიანობის გაზომვას, ამისთვის კონკრეტული საზომები გვაქვს, რაც კარგად გვაჩვენებს - სად ვართ ახლა და სად გვინდა მივიდეთ.

- მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ბიზნესებმა კვლავ ოფისიდან მუშაობის ფორმა აღადგინეს. რა გამოცდილების გაზიარება შეგიძლიათ ჰიბრიდული მუშაობის მოდელით ოპერირების შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის?

მუშობის რა ფორმას ირჩევს კომპანია, ეს მის სამუშაო სპეციფიკასა და საჭიროებაზეა დამოკიდებული.

ჰიბრიდული მუშაობის მოდელი მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ სიახლედ ითვლება. ჩვენც დაკვირვების ეტაპზე ვართ, რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, სად შეგვიძლია გავხდეთ მეტად მოქნილები და მორგებულები ლოკალურ თუ მსოფლიო მოთხოვნებზე. ემპირიული დაკვირვებით, ვთვლით, რომ ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს ექსპერიმენტულის შემდეგ, მუდმივმოქმედ მოდელად დავამკვიდრებთ. აქამდე აუცილებლად მივალთ როდესაც დაგროვდება საკმარისი გამოცდილებაც და საკმარისი კვლევითი მონაცემებიც. მაშინ დანამდვილებით ვიტყვით თუ როგორ იმუშავა ამ მოდელმა. მანამდე კი ვეყრდნობით იმას რაც ვიცით, რომ თანამშრომლებზე ფოკუსირება ყოველთვის ყველაზე დიდი ბენეფიტის მომტანია ნებისმიერი კომპანიისთვის და დღეს, ჰიბრიდული სამუშაო გარემო ამის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები