მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთში ხარისხიანი თხილის ფასი 4.50 ლარია, თხილის გაშრობის შემდეგ ფასი მოიმატებს" - "ვანი ნათსი"

63087e48b328a
მარიამ იზორია
26.08.22 16:02
1845
იმერეთში მდებარე თხილის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის „ვანი ნათსის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს იმერეთში თხილის კარგი მოსავალია და გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია ხარისხიც.

მახარე ლემონჯავას თქმით, წელს ფერმერებისგან 1500-2000 ტონა თხილის ჩაბარება და პოლონეთისა და იტალიის მიმართულებით ექსპორტი იგეგმება.

„წელს თხილის მოსავლის მოცულობაც და ხარისხიც საკმაოდ კარგია. ამას ხელი კარგმა ამინდებმა შეუწყო. არის ფაროსანა, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც გასულ წელს იყო. ფაროსანას მიერ ზიანი შემცირებულია, რაც ჩატარებული ღონისძიებების დამსახურებაა. ვგეგმავთ 1500-2000 ტონა თხილის ჩაბარებას, ექსპორტი კვლავ ევროპის, პოლონეთისა და იტალიის მიმართულებით, განხორციელდება. თხილის ჩაბარებას 1-ელი აგვისტოდან დავიწყეთ. ამ დროისთვის დაახლოებით 180 ტონა ჩავიბარეთ“ - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ფასს, „ვანი ნათსის“ დამფუძნებლის განმარტებით, ამ დროისთვის კარგი ხარისხის თხილის, კილოგრამის ფასი 4-4.50 ლარია, თუმცა ფასის მომატებას თხილის გაშრობის შემდეგ ელოდებიან.

„კარგი თხილის ფასი ახლა 4-4.50 ლარია. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპისთვის მაღალი ხარისხის თხილი ჭარბობს. გაშრობის შემდეგ ფასი მოიმატებს. გასულ წელს მაქსიმალურმა ფასმა 6.50 ლარი შეადგინდა. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელსაც მიაღწევს ამ ნიშნულს და შესაძლოა გადააჭარბოს კიდეც“ - განმარტავს მახარე ლემონჯავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები