ქართული თხილის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე ნდობის აღდგენის ტენდენცია იკვეთება, თუმცა საქართველოსთვის ბაზრის განსაზღვრის შესაძლებლობა შეზღუდულია წარმოების მოცულობით. ამის შესახებ "ბლუ ბერდ ბერიზ"-ისა და GPR Nuts-ის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის ეთერში "ქალების ნარატივი" განაცხადა.
მისი თქმით, შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან ფაქტობრივად მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია.
მისივე შეფასებით, საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის ერთ-ერთი მიმწოდებელი ქვეყანაა, თუმცა ბაზრის განმსაზღვრელი თურქეთია, რომელიც მსოფლიო წარმოების დაახლოებით 65-70%-ს უზრუნველყოფს. სალუქვაძის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილის მიმართ არსებული ნეგატიური გამოცდილებით გამოწვეული დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება.
"წინა ისტორიებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ გვხვდება ცუდი გამოცდილებით მიღებული კომპანიები, რომელთაც საერთოდ არ სურთ საქართველოსთან ურთიერთობა. ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. შარშანდელმა წელმა კარგად გვაჩვენა, რაოდენ სწრაფი იყო ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით", - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ GPR Nuts ქართულ თხილს 30-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. სალუქვაძის ინფორმაციით, ძირითადი სტაბილური ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებია, თუმცა ექსპორტი ხორციელდება სამხრეთ ამერიკის, სკანდინავიისა და აზიის მიმართულებითაც.
როგორც GPR Nuts-ის დამფუძნებელი ამბობს, ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ყოველწლიურად ცდილობენ ახალი სარეალიზაციო არხების მოძიებასა და ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებას.




























