მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმიტომ მივდივარ პოლიტიკაში, რომ ქვეყანა იყოს მშვიდად და წყნარად“ – ბიზნესმენი ზაზა დუგლაძე

5f1be9b6ea6ea
თელარა გელანტია
26.07.20 00:00
4956
20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მმართველმა პარტიამ ცნობად სახეებს შორის კანდიდატებად ბიზნესმენებიც დაასახელა. ბიზნესმენთა ნაწილი დღესაც პარლამენტის წევრია, რამდენიმეს კი აქამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. მათ შორისაა ბიზნესმენი, "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" თანადამფუძნებელი ზაზა დუგლაძე, რომელმაც ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობისთვის უნდა იბრძოლოს.

Bm.ge-მ გადაწყვიტა - „ოცნების“ შედარებით ახალ სახეებს ჰკითხოს - რატომ მიდიან ბიზნესიდან პოლიტიკაში და რა ესახებათ საკანონმდებლო ორგანოში მთავარ მისიად, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატების დიდი ნაწილი, ჯერჯერობით, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

ერთადერთი გამონაკლისი ბიზნესმენი ზაზა დუგლაძე იყო, რომელიც დროის უქონლობის მიზეზით მხოლოდ მოკლედ კომენტარით შემოიფარგლა და სხვა დროს უფრო ვრცელ ინტერვიუს დაგვპირდა.

„იმიტომ მივდივარ პოლიტიკაში, რომ ქვეყანა იყოს მშვიდად და წყნარად. ესაა ძირითადი დევიზი. სხვა დროს ვრცლად გეტყვით ყველაფერს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

დუგლაძემ არც იმაზე ისურვა საუბარი, როგორც ბიზნესმენს, რა არ მოსწონს დღეს საქართველოს ბიზნეს-გარემოში და რას შეცვლიდა. „ჯანმრთელობა და ეკონომიკური წინსვლაა მთავარი“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის ზაზა დუგლაძე შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ თანადამფუძნებელია. კომპანია ღვინისა და სპირტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ქართული Forbes-ის შეფასებით, ტოპ-ათეულშიც შედის. კერძოდ, კომპანიის შემოსავალი 2018 წლის ანგარიშგების თანახმად 25.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 3.2 მილიონი ლარი, ხოლო აქტივები 55.6 მილიონი დოლარი იყო. ზაზა დუგლაძეს კომპანიაში 23%-იანი წილი ეკუთვნის.

კომპანიაში დუგლაძეების ბიზნესპარტნიორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილიცაა. მას კომპანიის 23%-იანი წილი ეკუთვნის. დუგლაძეების ღვინის კომპანიას ასევე ეკუთვნის ვარციხის კონიაკის ქარხანაც. ზაზა დუგლაძის ძმა კი გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსია.

ზაზა დუგლაძეს „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, 115,000 ლარი აქვს შეწირული. დონაციები მან 2016, 2017, 2019 და 2020 წლებში განახორციელა. ბოლოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიას ფული 5 მაისს შეწირა და 25 ათასი ლარი გადარიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები