ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკის” ეთერში ინფლაციის შესახებ სებ-ის ახალი პროგნოზის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფლაციას ექნება შემცირების ტენდენცია, თუმცა ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით, რომელიც 3 აგვისტოს გამოქვეყნდება, ინფლაციის კლება იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე აქამდე იყო პროგნოზირებული.
ეროვნული არსებული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში, სავარაუდოდ, 7%-იანი ინფლაცია იქნება, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში - 5.3%-მდე, მეორე კვარტალში კი 3.4% უნდა იყოს.
ამასთანავე, არჩილ მესტვირიშვილი აღნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება.
"ჩვენი პროგნოზით, ინფლაციას ექნება შემცირების ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალი წლის შუაში ახლოს მივა სამიზნე მაჩვენებელთან, ხოლო ამისთვის როგორი მონეტარული პოლიტიკა გვჭირდება, ამაზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები დაყრდნობილი.
ეს არის პროგნოზი და ის დამოკიდებულია დღეს არსებულ ინფორმაციაზე, ასევე თქვენც აღნიშნეთ, რომ გაურკვევლობა ძალიან დიდია. ჩვენი პროგნოზიც გასულ წელს რომ გენახათ, წელს უნდა ვყოფილიყავით მიზნობრივ მაჩვენებლებთან, მაგრამ იგივე ბრინატეთის ან აშშ-ის პროგნოზებიც რომ გენახათ, ანალოგიურად უნდა ყოფილიყო მათ შემთხვევაშიც. იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა ბევრია, ხდება ამ პროგნოზების გადახედვა, რისთვისაც ჩვენ წელიწადში რვაჯერ ვიკრიბებით შესაბამისად ვცვლით მონეტარულ პოლიტიკას.
ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა სცენარს და გადაწყვეტილება ეფუძნება სცენარების ანალიზს.
ჩვენ განახლებას 3 აგვისტოს გამოვაქვეყნებთ, სადაც უკვე ახალი პროგნოზები იქნება მოცემული. საბაზისოდან უფრო პესიმისტურისკენ არის გადახრილი ინლფაციის მოლოდინი, თუმცა ბევრად დიდი იქნება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.




























