„ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის, გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სექტორი ინვესტიციისთვის მიმზიდველი არაა.
„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჯანდაცვის მიმართულებით, რეგულირების ბაზა დასახვეწია და ასევე ტარიფებთან დაკავშირებითაც მდგომარეობა გაურკვეველია, ბუნებრივია, ასეთი გარემოებების პირობებში, სექტორი არ არის ინვესტიციებისთვის მიმზიდველი. პირიქით, მძიმე ფინანური პრობლემების წინაშე ვართ და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ სამინისტროსთან შეთანხმებას და პირველ ეტაპზე მინიმუმ 520-ით დადგენილი ტარიფების ინდექსაცია მაინც მოხდება," - ამბობს მინდიაშვილი.
“ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორი რამდენიმე კონკრეტულ მიზეზს ასახელებს, თუ რამ გამოიწვია ჰოსპიტლების ფინანსური კრიზისი.
„ჰოსპიტლები ორი წელი კოვიდ-მართვაზე იყვნენ გადაწყობილები და მათ ახლა ნულიდან ოპერირების დაწყება უწევთ, რადგან ყველა სხვა სერვისი თავიდან არის ასაწყობი, თითქოს ახალი ჰოსპიტალი იხსნება, რომ მივიდეს იმ ნიშნულამდე, როგორც 2019 წლის ბოლოს იყო. პირობითად ბრუნვები რომ დაიწყოს, სახელმწიფო შესრულების თანხას 4 თვეში გადაიხდის, ხელფასების გადახდა უფრო დროულად უნდა მოხდეს, უფრო დროულად უნდა მოხდეს ხარჯების შესყიდვაც, როდესაც შესრულების თანხას 4 თვეში მივიღებთ. რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რასაც ჩვენ შემთხვევაში ამის სუბსიდირებას დასჭირდება, ასევე მძიმე სიტუაცია იმიტომაცაა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული 520-ე დადგენილების შემდეგ ეს მდგომარეობა გამწვავდა. სრულიად ზარალიანია ის ტარიფები, რაც მოქმედებს," - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, კლინიკები 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ. სამედიცინო დაწესებულებების უკმაყოფილება განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და კლინიკებს კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ მომსახურებაზე თანაბარი ტარიფები დაუწესა.
სექტორს მაშინაც მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ არსებული ტარიფების მეთოდოლოგია რეალობას არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებს სამინისტრო ზოგადად ტარიფების გადახედვას დაჰპირდა, ახლა სამინისტროს ახალი გაცხადებული მიზანი აქვს, რამაც ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. წლის ბოლოდან სამინისტრო DRG-ის სისტემის დანერგვას და კლინიკების დაფინანსების მოდელის შეცვლას გეგმავს.