ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია. თუმცა, თიბისი კაპიტალის მომავალ წელს ზრდის ნორმალიზების მოლოდინი კვლავ ძალაშია, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვითვე, მართალია მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით თუმცა ინფლაციის შემცირებაც საბაზო სცენარია.
"დამატებით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების არგუმენტი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ლარზე გამყარების ზეწოლაა, ისევე როგორც საკმაოდ ზომიერი, ან ბოლო პერიოდში უფრო სუსტიც კი, საკრედიტო აქტივობა, განსაკუთრებით რეალურ გამოხატულებაში. ამდენად, ჩვენი აზრით, კითხვა კვლავ იმაში მდგომარეობს თუ როდის დაიწყებს სებ-ი ლარის ფასის დაწევას.
სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ ნორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავლისაკენ შეიცვალა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თიბისი კაპიტალის 2 კვირის წინანდელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის ჩვენი ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია.
წინა კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დიდწილად მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი დამატებით გაუმჯობესდა. იმპორტის შედარებით ზომიერი ზრდა უფრო საინვესტიციო იმპორტის კატეგორიის ხარჯზე იყო, თუმცა წინა პერიოდში ძალზედ მაღალი აღდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეალური ექსპორტიც გაიზარდა, რაც იმპორტის გარდა შიდა მოთხოვნის სხვა ინდიკატორებთან ერთად, სექტემბრის ზრდის 10 ან მეტი პროცენტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა", - წერია მიმოხილვაში.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომა მიმდინარე კვირას, 26 ოქტომბერს გაიმართება, რომელზეც ცნობილი გახდება შეცვლის თუ არა სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ბოლო სხდომაზე 11%-ზე დატოვა.




























