დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ იმ კლინიკებში, რომელთა სია უკვე გამოქვეყნებულია, ანტიგენის სწრაფი ტესტები უფასოდ უნდა ტარდებოდეს, რადგან წესით, მათ ტესტი უკვე გატანილი უნდა ჰქონდეთ. ამირან გამყრელიძე უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოეხმაურა BM.GE-ს ექსპერიმენტს, რომელმაც აჩვენა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული 200-ზე მეტი კლინიკიდან , თბილისის მასშტაბით, სწრაფი ტესტი უფასოდ რიგ დაწესებულებებში არ ტარდება.
„საქართველოს ყველა საავადმყოფოს, რომელთა რიცხვი არის 200-ზე მეტი, მთავრობის დადგენილებით ევალება, რომ სტაციონარში მოთავსებულ ყველა პაციენტს ჩაუტაროს ანტიგენზე ტესტი. ამ საავადმყოფოებს ტესტები უკვე გატანილი აქვთ. ერთმნიშვნელოვნად, დღეში, დაახლოებით 1000-1500 სტაციონარიზაციაა და ყველა მათგანს უნდა ჩაუტარდეს ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ამბულატორიებს, NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური ტესტირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, დაახლოებით, 140-მდე დაწესებულებამ გამოთქვა და ისინი ტესტებს უფასოდ ჩაატარებენ.
„თითოეულ მათგანთან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს დარეკილი და გაფორმებულია ხელშეკრულება. ისინი, ვინც ჩართული არიან პროგრამაში, ვალდებული არიან, ეს ტესტები ჩაატარონ, მათ ტესტები გატანილი აქვთ. თუ ასეთი გაუგებრობა არსებობს, ვთხოვ მოსახლეობას, დააფიქსირონ ცხელ ხაზზე და ეს ცალკეული შემთხვევები მოგვარდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, NCDC-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიფერენცირებულია ვინ ატარებს ამბულატორიულ ტესტებს და ვინ - ანტიგენის ტესტს უფასოდ.
„წესით უფასოდ ტესტების ჩატარების პრობლება არ უნდა იყოს, თუ ეს ხდება, დარეკეთ ცხელ ხაზზე და ეს საკითხი მოგვარდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




























