მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიების 90% ლიცენზირებულ პროგრამებს არ იყენებს" - როგორ ვებრძოლოთ კიბერდანაშაულს?

645d5a647057e
ალა ისპირიანი
12.05.23 01:00
957
BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ანზორ მეხრიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ კიბერდანაშაულზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიების 90% უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რაც კიბერდანაშაულების ფაქტებს ზრდის.

“თუ კომპანიაში მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს გამოვიყენებთ, რისკს შევამცირებთ. მაგრამ ის პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც ლიცენზიის მოტყუება მოხდა ხშირ შემთხვევაში მავნე კოდია, რომელსაც ჩვენი ნებით სისტემაში ვუშვებთ. რომელიმე დიდი კომპანია თუ ინვესტიციას ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩადებს, ეს დიდ რიცხვებთან არის დაკავშირებული და მას სავარაუდოდ პროდუქტის ან მომსახურების გაძვირება მოუწევს მომხმარებლებისთვის, რაც მას არ აწყობს და ასეთი პატარა ნიუანსები პრობლემის გამომწვევია.

თუმცა ბოლო 2-3 წელია დადებითი ამ მხრივ ტენდენციაა, რადგან რეგულაცია გამკაცრდა და ახალი რეგულატორი გვყავს, ციფრული მმართველობის სააგენტო, რომელიც კერძო სექტორში განსაზღვრავს მოთხოვნებს და ასეთი ბერკეტები, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორისთვის იმის ბიძგია, რომ ინვესტიცია უსაფრთხოებაში გააკეთონ“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა პროცენტი იყენებს ლიცენზირებულ პროგრამებს? - მან თქვა, რომ 90% არ ზრუნავს უსაფრთხოებაზე.

„ჩემი ინფორმაციით ლიცენზირებული პროგრამების გამოყენება მეტწილად სახელმწიფო სტრუქტურებში და დიდ კორპორაციებში ხდება, თუმცა არის ბაზარზე ისეთი კომპანიები რომლებმაც სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაზე დაიწყეს ზრუნვა. რეგულაცია 100-მდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურას არეგულირებს. ცალკე რეგულაციები არის ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციულ ბანკებთან და ჯამში ალბათ 130-მდე კომპანია და სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც ამ მიმართულებით რეგულირდება. თუ არ ჩავთვლით პერსონალური მონაცემების დაცვის კანონს რომელიც ყველას არეგულირებს, კომპანიების 90% არ ზრუნავს უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 4.9%-ით, ანუ 12 შემთხვევით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები