"ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარი ისეთი პროექტებითაც დავუჭიროთ, რომელიც მათ წარმატებას მოუტანთ", - ამის შესახებ საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა გადაცემა "Forbes კვირა’’-ში განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ "საქართველოს ბანკსა" და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბიზნესების ორი მთავარი მიმართულებით მხარდაჭერას გულისხმობს, ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია.
"ჩვენ, როგორც წამყვან ბანკს, ძალიან დიდი რაოდენობის მცირე და საშუალო ბიზნესი გვყავს და ჩვენი სტრატეგიის ნაწილია ამ ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ არამხოლოდ საბანკო პროდუქტებით, რომელიც დაფინანსებას გულისხმობს, არამედ ისეთი პროექტებით, რომელიც მათ შესაძლებლობებს გაზრდის და კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, სწორედ ამის განსახორციელებლად გავერთიანდით ჩვენ და USAID.
თანამშრომლობა დავიწყეთ მსუბუქი მრეწველობის პროგრამის კომპანიებთან, შევარჩიეთ 20-მდე კომპანია, რომლებსაც სურდათ თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე გაეტანათ. USAID-ის დახმარებით დავიქირავეთ კონსულტანტები, რომლებიც ამ პროცესებში ეხმარებოდნენ და საერთო ჯამში, კომპანიებმა ისწავლეს, როგორ უნდა გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე. ზოგიერთი მათგანი არ აღმოჩნდა მზად ამ სიახლეებისთვის, რადგან ჯერ კიდევ რაღაც სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი, თუმცა, საერთო ჯამში, შედეგი ისაა, რომ მათ მიიღეს გამოცდილება,’’ - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.
რაც შეეხება საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშების ავტომატიზაციას, მასურაშვილის ცნობით, ეს საკითხი სამ ნაწილადაა ჩაშლილი და საერთო ჯამში კომპანიებს დაფინანსების მიღების პროცესსა და საქმიანობის პირველი ნაბიჯების გადადგმას უადვილებს.
"ციფრული ბუღალტერიის ნაწილი ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ბანკმა წამოიწყო, ეს გახლავთ ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილადაა ჩაშლილი - საბუღალტრო სოფტების პოპულარიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესებში, აუთსორსინგის გზით აღრიცხვიანობის წარმოება და საქართველოს ბანკთან ფინანსური ინფორმაციის მიმოცვლა, რომელიც თავის მხრივ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ზრდის და კომპანიებს საქმიანობის პირველი ნაბიჯების უფრო ეფექტურად გადადგმის შესაძლებლობას აძლევთ,’’ - ამბობს ზურაბ მასურაშვილი.
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი "Forbes კვირა"-ში საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს პროგრამა ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ დაეხმაროს, თუმცა ასეულობით წარმატებული კომპანია ქვეყანაში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და სხვა მეწარმეებისთვისაც მაგალითი გახდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს.