მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონცერტების კეთება სახელმწიფოს საქმე არაა... არ იციან, რა მოუხერხონ ფილარმონიას" - კერესელიძე

6268075788e77
ანუკა ჯოხაძე
27.04.22 00:05
1160
თბილისის დიდ სახელმწიფო დარბაზს (ფილარმონია) მესამე წელია „დროებითი დირექტორი“ ჰყავს.

შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

დღეს კი, “ინტერნეიშენალ ივენთსისა” და “ისთერნ ფრომოუშენის” ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ სფეროს განვითარებისთვის პროცესებში კერძო სექტორი უნდა ჩართოს. მისი თქმით, მთავრობა  აღნიშნულ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს არ გადის და ამის შედეგია ის, რომ ფილარმონიის დარბაზის მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია. ის თვლის, რომ სახელმწიფომ სფეროში მომუშავე კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს და კონცერტების ორგანიზებას შეეშვას.

"თუ გვინდა, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, სახელმწიფო ბიუჯეტი მინიმალურად უნდა დავტვირთოთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანი იქნება. ვერ ჩამოყალიბდნენ, სად წავიდნენ. რაღაცაზე მსჯელობენ, ჩვენ კიდევ ერთ კონსულტაციაზე და შეხვედრაზე არ გვეძახიან... 1997 წლიდან ამ სფეროში პირველები ვიყავით და ძალიან დიდ ხანს მარტო ვიყავით ბაზარზე - შოუ ბიზნესიდან დაწყებული დარბაზის მართვით დამთავრებული, ეს გამოცდილება გვაქვს.

ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც შეიძლება არ იცოდე, თუ ამ სფეროში არ ხარ. თუ ამ სფეროს წარმომადგენლის გარეშე ეს ამბები წყდება, ესეც არასწორია, ამიტომაც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ; არ იციან, რა მოუხერხონ ამ ფილარმონიას. ააშენეს მეორე დარბაზი დასავლეთში, <ბლექ სი არენა>, რომლის მენეჯმენტსაც გვაძლევდნენ, თუმცა როცა ვუთხარით, რომ ეს დარბაზი დოტაციის გარეშე ვერ იმუშავებდა, ესეც გაუკვირდათ.

ამდენად, მთავარია სახელმწიფო ჩამოყალიბდეს პრინციპზე თუ როგორ წარმართოს ეს სფერო სწორად. არ არის სახელმწიფოს საქმე კონცერტების კეთება, სჯობს იმ კომპანიებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს, რომლებიც ამ სფეროშია ჩართული და ღირებულ პროდუქტს ქმნიან", - აცხადებს “ისთერნ ფრომოუშენის” ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე.

ცნობისთვის, 2019 წელს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მთავრობას ფილარმონიის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამ მიმართულებით შესაბამისი კომენტარი გასულ კვირას BMG DRIVE-ის ეთერში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმაც გააკეთა. რაჭველის პოზიციას არ ეთანხმება “ისთერნ ფრომოუშენის” ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე, რომელიც ამბობს, რომ ისედაც ბიუჯეტით დაფინანსებული სიმფონიური ორკესტრისთვის ფილარმონიის შენობის გადაცემა არამიზანშეწონილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები