ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს. დღეისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.7340 ლარია, ევროს მიმართ კი - 2.7304 ლარი.
"თიბისი კაპიტალში" მიიჩნევენ, რომ გამყარების ზეწოლა ლოგიკურია და "როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა“.
რა ფაქტორები მოქმედებს ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე და რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება წლის ბოლოსთვის - ამ კითხვებით Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსს მივმართეთ.
როგორც bm.ge-სთან ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია იგივე ფაქტორებს უკავშირდება, რაც აქამდე იყო: მაღალი სავალუტო შემოდინებები, რაც აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში ფიქსირდება. თავის მხრივ, ეს ეხება ტურიზმს, ექსპორტს და ფულად გზავნილებს.
„ამ ძირითად კატეგორიებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა ვალუტის შემოდინებების და გადინების დინამიკა პროფიციტულია ანუ პლუსში ვართ. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც ლარის კურსზე დადებითად აისახება.
ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ასევე ფიგურირებენ მიგრანტები, რომლები აქ ფულს ხარჯავენ. ვიცით, რომ მიგრანტების მეორე ტალღაც გვქონდა, რომლებიც რუსეთიდან მობილიზაციას გამოექცნენ. ისინი სხვადასხვა შეფასებით არ არიან ისეთი შეძლებულები, როგორებიც იყვნენ პირველი ნაკადის შემთხვევაში (ძირითადად IT-სფეროში დასაქმებულები, მაღალანზღაურებადი ადამიანები), თუმცა მეორე ნაკადის კატეგორიასაც მოაქვს გარკვეული ფული; რადგანაც ტურიზმის შემოსავლებში მიგრანტების ხარჯებიც ითვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე ნაკადის შემდეგ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ მაღალ ნიშნულზე იქნება“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება ლარის გამყარების წლის ბოლომდე შენარჩუნების ალბათობას, ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად ყველაფერისა, ეს მაინც რთული სათქმელია. მისივე აზრით, ეს დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად მიგრანტების შემოსვლაზე და ასევე იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საქართველოში. „ჩვენი პროგნოზებით და აქამდე ჩატარებული გამოკითხვებით, მინიმუმ ერთი წელი, ისინი აქ აპირებენ დარჩენას. წლის ბოლომდე ზუსტი ნიშნულის თქმა ამხელა გაურკვევლობის პირობებში რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3-ზე დაბლა დარჩება“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშოროსო ტურიზმიდან 3.2 მილიარდზე დიდ შემოსავალს მიიღებს და სავარაუდოდ, ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბებს.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში შემოსულმა 3.3 მილიონმა ვიზიტორმა ადგილობრივ ეკონომიკაში 2.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მხოლოდ მესამე კვარტალში მიღებული თანხა 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, Galt & Taggart-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ წელს საქართველომ ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან რეკორდულად დიდი - 7-მილიარდიანი შემოსავალი მიიღოს.