მაისის ბოლოს სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტს“ ახალი სპა-სამედიცინო ცენტრი შეემატება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპლექსის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი 650 კვ/მ ფართზეა განთავსებული და ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარია.
4-ვარსკვლავიან „წყალტუბო სპა რეზორტში“ 137 გარემონტებული ოთახია; 90 ნომერი კიდევ სარემონტოა, მაგრამ კომპლექსის მენეჯმენტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა არც ისე მაღალია, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით წელს ინვესტირება არ იგეგმება.
ანდრო ჯიშკარიანის თქმით, „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტს“ პანდემიამდე მასშტაბური გეგმები ჰქონდა, მაგრამ covid-19-მა ის შეაფერხა.
რაც შეეხება 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებს, როგორც კომპლექსის დირექტორი ამბობს, პირველი სამი თვე ვიზიტორების უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა ჰქონდათ.
„ძირითადად, დამსვენებლები გვყავდა ყაზახეთიდან, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით. ასევე, როგორც ვიცით, ზაფხულში იგეგმება კიდევ დამატებით ორი ქალაქის დამატება.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია და ვიზიტორების სეგმენტი, რომელიც ჩვენთან ტრადიციულად დადიოდა, ახლა ნაკლებადაა წარმოდგენილი.
ბალნეოლოგიური მიზნით, წყალტუბოში ისრაელიდანაც ჩამოდიან. ასევე, გვყავს დამსვენებლები ევროპის ქვეყნებიდან - უფრო რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც ეს კურორტი ჯერ კიდევ ახსოვს. ამ შემთხვევაშიც ხელს გვიწყობს ევროპიდან პირდაპირი რეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, - თქვა ანდრო ჯიშკარიანმა.
„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელი კურორტების განვითარების სააგენტოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაიწყონ ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე.