მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის პოლიტიკის შედეგია" - კვიჟინაძე

64b977710f33c
გიგა ბენია
20.07.23 22:07
631
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე BMG-სთან აცხადებს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი მთავრობის სწორი პოლიტიკაა. პაატა კვიჟინაძის თქმით, მშპ-ს ზრდაში მიგრანტების წილი დაბალია.

“რა თქმა უნდა, მიგრანტების ეფექტიც არის, მაგრამ უფრო მეტი და გადამწყვეტი სწორი პოლიტიკაა. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოში არის დაბალი გადასახადები, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა. თავისუფალი ბაზარი გვაქვს ბევრ ქვეყანასთან, გვაქვს კარგი საგადასახადო პოლიტიკა და ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობა - ეს პრინციპულია”, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ეკონომიკური ზრდა მოჰყავს. მისი თქმით, მაშინ ომის შედეგად შტატების მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ამერიკას ამის გამო არავინ ადანაშაულებს.

“როცა ამბობენ, რომ მიგრანტები ჩამოვიდნენ და საქართველოს ეკონომიკა გაიზარდაო. აქ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ამერიკის ეკონომიკა 93 მილიარდი დოლარი იყო, ხუთ წელიწადში გახდა 243 მილიარდი დოლარი.ანუ ომის ხარჯზე გაიზარდა, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ეს ამერიკის ბრალია. რატომ გვრცვხვენია ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდის? თვითგვემაში ვიყოთ და მინუსში გავიდეთ, ხალხი დავჩაგროთ? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რაიმე ზეგავლენა მოვახდინეთ ომზე? ჩვენ სამი ომი გადატანილი გვაქვს და ჯობს, ჭკვიანად, წყნარად ვიყოთ და სტაბილურობა შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა”, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ამასთან, პაატა კვიჟინაძის თქმით, “უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ყველას დაავიწყდება ვინ ვის ეხმარებოდა ან არ ეხმარებოდა”. სწორედ, ამიტომ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარი მშვიდობა და ეკონომიკური ზრდაა.

“დამთავრდება ომი და ყველას დაავიწყდება ვინ ვის ეხმარებოდა ან არ ეხმარებოდა; ყველა იტყვის: აბა, ეკონომიკური მდგომარეობა ვის აქვს და რა აქვს. ჩვენ სამი ომი გვქონდა რუსეთთან, ვინ გაძლევს ამის გამო პრიორიტეტებს? იგივე იქნება ესეც. დადგება საკითხი: როგორია დემოკრატია და ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ეკონომიკა გაიზარდოს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და არა ის, რომ რაღაცაზე თვითგვემაში ვიყოთ”, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები