მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით WHO საგანგებო სხდომას გამართავს

62a981cd5e793
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 10:57
865
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც იმსჯელებს არის თუ არა "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგაშო. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების ეს უმაღლესი დონე ორგანიზაციამ, მაგალითად, Covid-19-თან მიმართებით გამოიყენა.

WHO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოს 39 ქვეყანაში ვირუსის 1600 და გარდაცვალების 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ 39 ქვეყანაში ისეთი ქვეყნებიც შედიან, სადაც ვირუსი აქამდეც გავრცელებული იყო.

"მაიმუნის ყვავილი" აფრიკის ზოგიერთ ნაწილში იყო გარცელებული და ვირუსისთვის ენდემურ რეგიონად ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ვირუსმა მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. როგორც ცნობილია, "მაიმუნის ყვავილს" გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. WHO-ს ინფორმაციით, გავრცელების მიუხედავად, აფრიკის რეგიონის გარდა სხვა ქვეყნებში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების ძირითადი ნაწილი კონგოზე მოდის.

WHO-ს ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ ვირუსი "უჩვეულოდ იქცევა" და ამ ქცევას საერთაშორისო კოორდინაციით უნდა უპასუხონ. WHO-ს კომიტეტის საგანგებო სხდომა შემდეგ კვირას გაიმართება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები