მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაქსიმუმი გავაკეთეთ. მენდეთ” - ეკონომიკის მინისტრი "IDS ბორჯომზე"

62a753892e76c
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.22 19:29
986
დღეს საქართველოს მთავრობამ “IDS Borjomi International”-ის აქციების პაკეტის მიღებისთვის დადგენილება გამოსცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საუბარია არა საკონტროლო პაკეტზე, არამედ კომპანიის 7.73%-იან წილზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დანიშნავს.

BMG-იმ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, გააკეთა თუ არა საქართველომ ამ მოლაპარაკებებში მაქსიმუმი და შეეძლო თუ არა ქვეყანას სანქცირებული მხარისგან აქციათა უფრო მეტი პაკეტი მიეღო. ამ კითხვაზე ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ საქართველომ ამ პროცესში მაქსიმუმი გააკეთა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მენდეთ” - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ამ გარიგებამდე კომპანიის “IDS Borjomi International”-ის 57.72%-იან წილს სანქცირებული ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი” ფლობდა. აქედან 7.73%-იანი წილის გადაცემის შემდეგ სანქცირებული მილიარდერის წილი 49.99%-მდე მცირდება. შესაბამისად, კომპანიას სანქცირებული პირები აღარ აკონტროლებენ.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩამოთვალა, თუ რომელი კომპანიები იქნებიან IDS Borjomi International-ის აქციონერები. ეს სია ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

IDS Borjomi International-ი დსთ-ში მინერალური და სასმელი წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, კომპანია ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო.

მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი” IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს 2012 წლის დეკემბრიდან ფლობდა. გარიგებამდე კომპანიის მთავარი აქციონერი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც $460 მილიონ დოლარად “ბორჯომის” 60%-იანი წილი “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა. 40%-იანი წილი კი პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012-2020 წლების განმავლობაში აქციათა თანაფარდობა სწორედ 40-60%-ზე იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მასში გაჩნდნენ სხვა მინორიტარი აქციონერები 3.79%-ის წილით.

დღეიდან კი აქციონერთა რიგებს 7.73%-იანი წილით საქართველოს მთავრობაც შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები