„მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ წარმოებული "რაუხის" ნატურალური წვენების საექსპორტო მაჩვენებელი 2022 წელს 88%-ით გაიზარდა.
როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, მიხეილ სვიმონიშვილი BMG-სთან ამბობს, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპაა, პორტფელში ასევე ამერიკული ბაზრის წილიც იზრდება. გარდა ამისა, კომპანია აზიურ ბაზარზე უკვე აქტიურად მუშაობს.
„წვენის მიმართულებას აქტიურად ვავითარებთ. 2022 წელს ევროპაში ექსპორტი 88%-ით გავზარდეთ. წელს დაგეგმილია, რომ 20 მილიონ ერთეულამდე წვენი ვაწარმოოთ, საიდანაც ნახევარი ექსპორტზე გავა და შეიძლება, გადავაჭარბოთ კიდეც. აქაც სერიოზული ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც არაბეთში, ამერიკაშიც გავაგზავნეთ "ჰეფი დეისა" და "იპის" წვენების სამი კონტეინერი. "ნაბეღლავის" დისტრიბუტორი ცდილობს, რომ იქ გზა გაკვალოს. ვტესტავთ იქაურ ბაზრებს, სამ რითეილ ქსელში უკვე "ლისტინგი" გაკეთდა. ერთ კონტეინერში არის ერთლიტრიანი წვენის 26 000 ბოთლი, ხოლო ბავშვის სასმელი - 38 000 ბოთლი“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, უახლოეს მომავალში კომპანია ახალ ბრენდებთან პარტნიორობასაც არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
„რაც შეეხება ახალ ბრენდებს, ეს იქნება ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, რასაც მალე გაიგებთ. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ 18-19 აპრილს ჩამოდის ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანელი მწარმოებელი, რომელიც სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებს და ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია თავის დარგში. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ერთობლივ წარმოებაზეც შეგვეძლოს მალე საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, "რაუხი" რომ შემოვიდა, ტექნოლოგიური ცოდნაც მოიტანა, გაყიდვის ცოდნაც აამაღლა ექსპორტში. ძალიან რთულია შენი ბრენდით გახვიდე და მოედო ყველაფერს. ამას მხოლოდ რამდენიმე ბრენდი ახერხებს. წვენებში ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან ბაზარი ძირითადად "კოკა-კოლას", "პეპსის" და ასეთ გიგანტებს უჭირავს. პატარა წარმოებისთვის რომ საერთაშორისო ბაზარზე შესვლა და თქმა, რომ გაყიდვა მინდაო, ძალიან რთულია, თუ ნიშურ პროდუქტს არ ყიდი“, - განაცხადა „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა.
ცნობისთვის: „წყალი მარგებელმა" ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ ერთობლივი წარმოება 2017 წლიდან დაიწყო. "რაუხი" 1919 წლიდან ევროპის ლიდერი კომპანიაა ხილის გადამუშავებასა და წვენების წარმოებაში და ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.