მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიცინა ბოლო 25 წელში სწორედ კერძო სექტორმა განავითარა" - პასუხი ტიკარაძეს

6005ae74d00d6
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.21 19:25
765
პედიატრიული ქირურგიის ცენტრის "კიდკოს" ხელმძღვანელი ირაკლი გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში კლინიკების სიჭარბეა. ირაკლი გამყრელიძე არ ეთანხმება მინისტრის პათოსს, რომ კლინიკებმა მედიცინა ბიზნესად აქციეს და ამაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს.

“საყოველთაო ჯანდაცვის არსებობამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო სერვისების არამიზნობრივ და უკონტროლო განვითარებას, მაგრამ აქცენტის გადატანა კერძო სექტორზე და უარყოფითად მოხსენიება, რომ კერძო სექტორმა, საყოველთაო ჯანდაცვამ ბიზნესად აქცია მედიცინა, ვფიქრობ, არასწორია. სწორედ კერძო სექტორმა განაპირობა ჯანდაცვის სისტემის და მომსახურების სისტემის განვითარება ბოლო 25 წლის განმავლობაში. კერძო სამედიცინო სისტემის განვითარების სტიმულირება რომ არ მომხდარიყო, მაშინ ვერ ვიქნებოდით რიგ დარგებში განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც დღეს ვართ”, - აცხადებს ირაკლი გამყრელიძე.

მისივე თქმით, არავინ დაობს, რომ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება მოწესრიგება, თუმცა, ამისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული, გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობა, რასაც სამედიცინო დაწესებულებები დღეს ვერ ხედავენ.

“ყველა მთავრობა და ხელისუფლება ცდილობს აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ სისტემას სჭირდება მოწესრიგება, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები ამ კუთხით ჯერჯერობით არ გვაქვს. მინისტრის ამ განცხადებაში ჩვენ ვერ ვისმენთ სტრატეგიულ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება და ოპტიმიზაცია და რა პერიოდი დასჭირება ამ ყველაფერს”, - აცხადებს ირაკლი გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები