BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებად, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა. კვლევის მიხედვით, სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მწვავე პრობლემას მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებისთვის წარმოადგენს.
აღნიშნულ საკითხზე, Bm.ge-მ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ჰკითხა, - იცის თუ არა ბიზნესის ჩივილების შესახებ და აპირებს თუ არა მერია სერვისები უფრო მოქნილი გახადოს.
კალაძემ განაცხადა, რომ მშენებლობებთან დაკავშირებით არცერთი პასუხგაუცემელი დოკუმენტი არ არსებობს. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა თავად მერიაში შესულ დოკუმენტაციას აქვს ხარვეზები, ამიტომ ვალდებულები არიან ხარვეზი გამოასწორებინონ.
„2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მმართველობაში მოვედი, მახსოვს რამდენი პასუხგაუცემელი და გაჩერებული სამშენებლო დოკუმენტაცია დაგხვდა. დღეს არცერთი შეფერხება არ არის, არცერთი პასუხგაუცემელი დოკუმენტი მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს და აბსოლუტურად გამართულად მუშაობს. რაც შეეხება ვადებს, როცა საქმე ამხელა მშენებლობებს ეხება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ნახეთ ევროპის მაგალითები, რამდენი დრო სჭირდება კონკრეტული ნებართვის მიღებას და შედარება, რომ გავაკეთოთ რა ვითარება გვაქვს დედაქალაქში. გამიხარდება თუ ნახავთ 2017 წლამდე რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემოდა სამშენებლო ნებართვები და დღეს რა ვითარება გვაქვს.
მესმის, რომ ვიღაცას უნდა უფრო სწრაფად მიიღოს რაღაცა, თუმცა აქ მათაც უნდა გამოასწორონ მიდგომები, რადგან ხშირად დოკუმენტი, რომელიც შემოდის ხარვეზიანია და ჩვენი სამსახური ვალდებულია ეს დაუხარვეზოს, გამოასწორებინოს და შესწორებული დოკუმენტაცია მივიღოთ“, - განაცხადა კალაძემ.