მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაში სოციალური ფონი გათვალისწინებული იქნება" - "ალდაგი"

6450e89fae649
გიგა ბენია
02.05.23 14:37
783
სადაზღვევო სექტორი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა, შემდგომ მისი განხილვა შეჩერდა. უახლოეს მომავალში, იგეგმება კანონის გადამუშავებული ვერსიის პარლამენტში ინიცირება.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი იმედოვნებს, კანონი 2024 წლის თებერვალში ამოქმედდება.

"საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს. საბოლოო პროექტი უკვე შემუშავებულია და იმედი გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას წარუდგენს და მთავრობა პარლამენტს გადაიგზავნის. დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ძალაში 2024 წლის თებერვლიდან შევა", - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

BMG-ის კითხვის საპასუხოდ, სადაზღვევო კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების შედეგად, ბაზარს დამატებით 150 მილიონი ლარის შემოსავალი შეემატება. მისი თქმით, კანონში სოციალური ფონი გათვალისწინებული იქნება.

„ველოდებით, რომ 150 მილიონი ლარი გვექნება დამატებითი შემოსავალი, თუმცა არ მინდა ისე მოხდეს, რომ მომხმარებლები დაზარალდნენ. ხელმისაწვდომობის პრინციპი შენარჩუნდება. ვაცნობიერებთ სოციალურ ფონსაც. შესაბამისად, ორი მნიშვნელოვანი ნაწილია: მოქალაქე მაქსიმალურად დაცული იყოს, ხელმისაწვდომობა ჰქონდეს და მაღალი ლიმიტები იყოს", - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

ცნობისთვის, "ალდაგის" გენერალური დირექტორისგან განსხვავებით, უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს. დავით ონოფრიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „წერტილი“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ბაზარს 300 მილიონი ლარით გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები