თბილისის მერი კახა კალაძე ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის კომენტირებისას ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
კითხვას - იყო თუ არა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის, კახა კალაძე ასე პასუხობს: „არა მგონია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია. არანაირი დაპირისპირება არ იყო. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა უხეშად არავინ არავის მოიხსენიებდა“.
რაც შეეხება კითხვას - რამდენად მოულოდნელი იყო მისთვის ტიკარაძის გადადგომა, თბილისის მერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდა.
„გამიჭირდება საუბარი, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. ვინ იქნება მისი შემცვლელი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა და როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.




























