მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივიღეთ იაფიანი პროდუქტი, მაგრამ რეალურად მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა”

5f7ddc49f1aab
სალომე მეცხვარიშვილი
08.10.20 09:00
2336
ვეტერინარიის დარგში მომუშავე კომპანია “ინვეტის” დირექტორი აპრილში მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. საქართველოს მთავრობამ სწორედ აპრილში გადადო "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" იმ ნაწილის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ რეგულაციების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე გადაავადა, მიზეზი კი კოვიდ ინფექცია და ფრინველის ხორცის დეფიციტის თავიდან აცილება იყო.

“ინვეტის” დირექტორი დავით შალამბერიძე ამბობს, რომ ქვეყანაში შემოდიოდა იაფიანი პროდუქცია, თუმცა მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა, რადგან რეალურად (წონით) უფრო ნაკლებ ხორცს იღებდა.

“პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებამ მომხმარებელი დააზიანა, როცა მოიხსნა რეგულაცია წყლის 5%-იან შემცველობასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ იაფიანი პროდუქტი, მაგრამ მომხმარებელი შეცდომაში შევიდა, რადგან პროდუქტში იყო იმაზე მეტი წყალი, ვიდრე უნდა ყოფილიყო”, - აცხადებს დავით შალამბერიძე.

მისივე თქმით, ზოგადად, ადგილობრივი მწარმოებლები იმპორტიორებთან შედარებით არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებიან, რადგან პროდუქცია დემპინგურ ფასად შემოაქვთ.

“ვითხოვთ, მთავრობამ მოიფიქროს რაიმე ბერკეტი, რომ ჩვენი ფერმერები დაცულები იყვნენ. ფაქტია, ბოლო წლებში შეინიშნება ფერმერების განვითარება, ამას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა აგროკრედიტებმა, რომელსაც აფინანსებს “აწარმოე საქრათველოში”, თუმცა ამ ფერმერებს სჭირდებათ დაცვა. რა თქმა უნდა, უნდა ვქმნიდეთ კონკურენტუნარიან პროდუქტს, მაგრამ არ უნდა იყოს დემპინგური ფასები. მაგალითად, თურქეთში, უკრაინაში არის ხორცის ჭარბი წარმოება, შესაბამისად, პროდუქციის დემპინგურ ფასებთან მიახლოება და მისი გაიაფება ხდება.

ამისგან თავის დასაცავად, უნდა გვქონდეს რაიმე ბერკეტი, რომ უკვე განვითარებული კლასი, ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო პროექტებით მოვიდნენ აქამდე, არ გავაკოტროთ და წარმატებული პროექტები არ იქცეს წარუმატებელ პროექტებად. ჩვენი მოთხოვნა ზუსტად ეს არის, შევქმნათ ისეთი ბერკეტები, რომ დავიცვათ ადგილობრივი ფერმერები. უნდა გვქონდეს დაცული ბაზარი”, - აცხადებს დავით შალამბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები