მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს უფრო მკაფიო ინფორმაცია ჰქონდეს მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, გაურკვევლობის პირობებში რომ ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად ეცემა, ეს ციფრებშიც კარგად ჩანს, – „ყველა ველოდებოდით 1 ივლისს საზღვრების გახსნას, ეს ასე არ მოხდა, რაც გაურკვევლობას უფრო ზრდის“, – დასძინა მან.
ხოლო კითხვაზე რატომ არ ხსნის საზღვრებს მთავრობა, ბოჭორიშვილმა აღნიშნა:
„ჩემი აზრით, შეიძლება რისკიც იყოს და მეორე მხრივ შეიძლება ამას რაღაც ეტაპები აქვს და რაღაც ეტაპზე, როდესაც ჩათვლიან, რომ მზად ვართ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, და ქვეყანაში ეს რისკი არ გაიზრდება, შეიძლება უკვე დავინახოთ რეალური ნაბიჯები საზღვრების გახსნის მიმართულებით“.
მან ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტში წელს ჯანდაცვის ხარჯები გაზრდილია, გამოყოფილია დამატებითი თანხები, რათა გაძლიერდეს ჯანდაცვის სამინისტროს მზაობა კოვიდ-ვითარების მიმართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო კარგად უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის შემთხვევებს.
„აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ საზღვრების გახსნა ასეთ პირობებში მოგვიწევს. როგორც აღვნიშნე, ფული ამისთვის ბიუჯეტში არის გამოყოფილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა უფრო გაძლიერებულია ამ კუთხით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად მთავრობამ დააანონსა, რომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები 1 ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეს ნაბიჯი გადავადდა.