ბატონო ირაკლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, რატომ გახდა მაჩანჩალა? მართლაც სად იყო მოლდოვა ან რომელიმე სხვა ქვეყანა საქართველოსთან შედარებით? - ამ კითხვით მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ გამართული დებატებისას.
მისი თქმით, ახლა მოლდოვასა და საქართველოს შორის განსხვავება იმიტომაა, რომ "მოლდოვის ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებას მართავდა არაბეთის ქვეყნებში დარბის, ხოლო მისი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა შინაპატიმრობაშია".
„ევროკავშირი გვთხოვს შესრულდეს რეკომენდაციები. 20 წლის წინ მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და 10 წელია თქვენ მართავთ ამ ქვეყანას. 20 წლის წინანდელი არგუმენტებით გველაპარაკებით დღევანდელ დღეს. ბატონო ირაკლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა რატომ გახდა მაჩანჩალა? მართლაც სად იყო მოლდოვა ან რომელიმე სხვა ქვეყანა საქართველოსთან შედარებით? რომ გიკვირთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიიღო უკრაინამ, რომ ის საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მოლდოვამ იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეზობლად მდებარეობს, საქართველოს 20% ხომ ოკუპირებულია? ოკუპირებულ ქვეყანას რატომ არ მისცეს მაშინ სტატუსი თუკი ოკუპაციასთან და ომთან არის ეს დაკავშირებული?
მოლდოვასა და საქართველოს შორის განსხვავება იმიტომ არის, რომ მოლდოვის ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებას მართავდა არაბეთის ქვეყნებში დარბის და არავინ იცის სად არის, ხოლო მისი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა შინაპატიმრობაშია. მოლდოვას ჰყავს ევროპული მთავრობა და არჩევნები კი არ ყალბდება, არამედ ელექტრონული მეთოდით, მათ შორის, ემიგრანტების მონაწილეობთ თავისუფალ არჩევნებს ატარებს ქვეყანაში. ევროკავშირი ჩვენ გვთხოვს შესრულდეს რეკომენდაციები!“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




























