ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდი Rothschild & Co საქართველოს მთავრობასთან არსებულ მრავალმილიონიან კონტრაქტზე კომენტარს არ აკეთებს. კონტრაქტის პირობებსა და შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციას არც საქართველოს მთავრობაში ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ: საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ისეთი სტრატეგიის მომზადება, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, BMG-მ გაარკვია, რომ Rothschild & Co-სთვის 10 მილიონი ლარია გადახდილი. კერძოდ, 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს დახარჯულია 6 მილიონი ლარი, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები კონფიდენციალურია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არც იმას ამბობენ, გაგრძელდება თუ არა Rothschild & Co-სთან კონტრაქტი. ამის შესახებ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვებზე მომზადებული პასუხებიდან ირკვევა.
რომან გოცირიძის 4 კითხვა:
1.რა სამუშაოები იქნა შესრულებული მოცემული კომპანიის მიერ?
2. რა მოცულობის თანხები იქნა გადახდილი მათ მიერ გაწეული ცალკეული საქმიანობის მიხედვით?
3. შეიქმნა თუ არა ქვეყნის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგიის დოკუმენტი?
4. აპირებს თუ არა მთავრობა ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი:
"გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და Rothschild & Co-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე განკარგულების მიღების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 მუხლის მე-3 2 ნაწილის თანახმად, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად, რის საფუძველზეც, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ვუპასუხოთ კორესპონდენციაში დასმულ კითხვებს“.
BMG-მ საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ კითხვები ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსაც. ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა ამ შესყიდვაში წამყვან სტრუქტურას და რომ ეს მთავრობის ადმინისტრაციის პროექტი იყო.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მკაფიოდ არ ამბობს, გაგრძელდება თუ არა ეს ხელშეკრულება. ასევე, იმ სამუშაოზე, რაც Rothschild & Co-მ შეასრულა, მინისტრი აცხადებს, რომ Rothschild & Co-ს მიერ შექმნილი "გარკვეული კვლევები არსებობს".
ლევან დავითაშვილს ამ კონტრაქტზე კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაუსვა. მინისტრის თქმით, მას ნანახი აქვს კვლევები, რაც Rothschild & Co-მ მოამზადა და მიღება- ჩაბარების აქტებიც არსებობს.
"ჩვენს სამინისტროს ეს კონტრაქტი არ დაუდია, ვერ მოგახსენებთ, კონკრეტული კვლევები საკონსულტაციო კომპანიის, რომელიც მთავრობამ დაიქირავა, ჩვენ ნანახი გვაქვს და მონაწილეობა გვაქვს მიღებული მუშა პროცესში. მიღება-ჩაბარებები არსებობს და შეგიძლიათ საჯარო ინფორმაციები გამოითხოვოთ.
ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევარი და ეს პროცესი გაგრძელდება. მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ იმისთვის რომ შეიქმნას ფინანსური ჰაბი, უნდა არსებობდეს ფინანსური ინსტრუმენტები, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები, მნიშვნელოვნად განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რაზეც ასევე ნამუშევარი გვაქვს, იგივე ტრასტების კანონმდებლობა და თქვენ მოგიწევთ განხილვებში ჩართვა და უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ბაზა და სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ფინანსური კუთხით უფრო მეტი ოპერაცია მოვიზიდოთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.